იუვენტუსში დიდი ცვლილებები დაანონსდა - ტიაგო მოტასთან ერთად, გუნდი რამდენიმე ახალ ფეხბურთელს დაიმატებს. ასევე, ცნობილია რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან კლუბის გეგმებში და ვინ შეიძლება დატოვოს იუვენტუსი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
ამ სიაში ერთ საინტერესო ფეხბურთელს ვხვდებით, კერძოდ, ფედერიკო კიეზას. 26 წლის იტალიელ შემტევს, კლუბთან არსებული კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. ამასობაში, ფეხბურთელის აგენტს, ფალი რამადანის, იტალიის დედაქალაქში ელოდებიან, რომა ტრანსფერზე მუშაობას იწყებს!
დე როსის გუნდი ზაფხულში სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს და როგორც ირკვევა, შეტევაში ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ფედე კიეზა იქნება. იუვენტუსის მსგავსად, "ჯალოროსისაც" ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. წამსვლელთა სიაში რომელუ ლუკაკუსა და სარდარ აზმუნს ვხვდებით, შესაბამისად, გუნდი ახალი შემტევების დამატებას გეგმავს.
ჯერჯერობით უცნობია, იუვენტუსი კიეზას სანაცვლოდ რამდენ მილიონს ითხოვს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელს კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი დარჩა, დიდი შანსია "ბიანკონერი" იტალიელს საკმაოდ დაბალ ფასად შეელიოს.
უახლოეს დღეებში, კიეზასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
Serie A
რომა კიეზას ტრანსფერზე მუშაობას იწყებს










