რაფინია ბელოლის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 20 შედეგიანი ქმედება დაუგროვდა. მის ანგარიშზე არის 12 გატანილი გოლი და 8 ასისტი. ბრაზილიელმა ვინგერმა ერთი საგოლე პასი მილანის ინტერთან 1/2 ფინალურ შეხვედრაშიც გააკეთა. მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში ბარსელონას შემტევზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ მოთამაშეს ჰქონდა.
საუბარია კრიშტიანუ რონალდუს შესახებ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 2013/2014 წლების სეზონი 21 შედეგიანი ქმედებით დაასრულა. პორტუგალიელმა ფორვარდმა შეაგდო 17 ბურთი და 4 ასისტი გააკეთა. როგორც ვხედავთ, კატალონიელთა მე-11 ნომერს მისი რეკორდის გასამეორებლად ან თუნდაც გასაუმჯობესებლად მინიმუმ 1 შეხვედრა აქვს.
როგორც გვახსოვს, "ბლაუგრანას" მესამე გოლი მოყვა სწორედ 28 წლის გარემარბის ყუმბარისებულ დარტყმას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კარში შესვლის წინ, ბურთი მოხვდა იან ზომერს, მას ავტოგოლი ჩაეთვალა. აქვე კიდევ ერთი საინტერესო მიღწევა, რომელიც ასევე რაფინიას უკავშირდება.
როგორც აღვნიშნეთ, ბრაზილიელმა გარემარბმა საკუთარ ანგარიშზე უკვე რვა საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყოფილა მხოლოდ ერთი მოთამაშე, რომელმაც ერთ სეზონში ბელოლიზე მეტი ასისტი მიითვალა. საუბარია ლუიშ ფიგუზე და მის 1999/00 წლების სეზონზე, 9 საგოლე პასით.









