ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი,
სლავია პრაღა მილანის წინააღმდეგ. პირველი მატჩის შემდეგ "როსონერის" ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, სან სიროზე გამართულმა შეხვედრამ კარგად დაგვანახა, რომ სლავია ბოლომდე ბრძოლას აპირდება, თუმცა მასპინძელი გუნდისთვის ყველაფერი ისევ ძალიან ცუდად დაიწყო. როგორც პირველ მატჩში, აქაც პრაღული გუნდი საწყის წუთებში ისევ ათი კაცით დარჩა. მთავარმა არბიტრმა ჰოლესი უხეში თამაშის გამო გააძევა, რის შემდეგაც მილანის შოუ დაიწყო.
ჯერ პულისიკმა გაიტანა ლეაოს პასით, შემდეგ კი, ზუსტად 3 წუთში, ლოფტუს-ჩიკის გოლი ვიხილეთ. ამის შემდეგ სცენაზე რაფა ლეაო გამოვიდა, რომელმაც საოცარი შორეული დარტყმა შემოგვთავაზა და ანგარიში 0:3 დაფიქსირდა.
მეორე ტაიმში მასპინძელმა გუნდმა ერთი გოლის გატანა მოახერხა, 85-ე წუთზე თავი ჟურაშეკმა გამოიჩინა. საბოლოოდ შეხვედრა 1:3 დასრულდა და პიოლის გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა.