2025 წლის ზაფხულის ტრანსფერი, რომელიც დიდი ალბათობით გამოგრჩათ - ალბან ლაფონის გადასვლა ნანტიდან პანათინაიკოსში. საუბარია გოლკიპერის შესახებ, რომელსაც 10 წლის წინ, უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ფრანგი კარის დარაჯი დიდ ფეხბურთში გამოჩნდა მაშინ, როდესაც ის სულ რაღაც 16 წლის იყო.
ტულუზას აღზრდილი მეკარე თავის პოზიციაზე იყო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში, იქამდე, სანამ მილანში ჯიჯო დონარუმა არ გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ასაკში სხვაობა ორ გოლკიპერს შორის იყო არც ისე დიდი: "ლე ვიოლას" იმდროინდელი მე-40 ნომერი დებიუტის მომენტისთვის იყო 16 წლისა და 310 დღის, იტალიელი კარის დარაჯი კი 16 წლისა და 242 დღის.
იმის შემდეგ, "როსონერის" აღზრდილი მეკარე გახდა თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო და მან ეს დაამტკიცა როგორც იტალიის ეროვნულ გუნდში, ისე პარის სენ-ჟერმენშიც. რაც შეეხება ლაფონს, მისი კარიერა ძირითადად დაღმასვლებით არის სავსე. "იასამნისფრების" შემდეგ, ფრანგი გოლკიპერი ვერ დამკვიდრდა ფლორენციის ფიორენტინაში, მოგვიანებით კი ის "ყვითლებში" გადავიდა.
ალბანმა ნაწილობრივ მოახერხა კარიერის რეანიმირება "იადონებში", თუმცა 2025 წლის ზაფხულისთვის ის აღარც ამ გუნდს დასჭირდა. ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ ბოჟუარის ბინადრების გოლკიპერი ბ გუნდშიც კი გადაიყვანეს. რა არის მისი დაღმასვლის მიზეზი? ფსიქოლოგიური პრობლემები და დეპრესია.
პირველ შემთხვევაში 26 წლის მეკარეს ხელი შეუშალა მისმა ხასიათმა და მწვრთნელებთან მუდმივმა კონფლიქტმა, მეორე შემთხვევაში კი საქმე გაქვს მამის ავადმყოფობასთან, რომელმაც გოლკიპერზე მძიმედ იმოქმედა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ათენელთა ახალი მე-40 ნომერი დიდ ფეხბურთში დაბრუნებას.









