2024 წლის იანვარში ივან პერიშიჩი სპლიტის ჰაიდუკში დაბრუნდა. ვეტერანი გარემარბი მშობლიურ გუნდში გადავიდა ტოტენჰემიდან, სადაც ხორვატი ვინგერის კარიერა ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო არ შედგა. შეგახსენებთ, იქამდე ის თამაშობდა ბაიერნში, ინტერში, დორტმუნდსა და ვოლფსბურგში, კლუბებში, სადაც ხორვატიის ეროვნული გუნდის შემტევმა 10 ტიტული მოიგო.
"თეთრ-ლურჯებში" დაბრუნების მომენტისთვის "ნერაძურის" ყოფილი მე-14 ნომერი უკვე იყო 35 წლის და ის კარიერის დასრულებისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ ჯენარო გატუზოსთან კონფლიქტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ზაფხულში პოლიუდზე მივიდა სწორედ იტალიელი სპეციალისტი და 4 თამაშის შემდეგ მან პერიშიჩი კლუბიდან გარიცხა.
ჰაიდუკის იმდროინდელ მწვრთნელსა და ხორვატ გარემარბს მოუვიდათ კონფლიქტი, რის გამოც ვეტერანი შემტევი გუნდის გარეშე დარჩა. სეზონის დაწყების წინ, ივანს 1-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა პსვ ეინდჰოვენმა და უნდა ითქვას, რომ ვინგერის კარიერაში ახალი ზღაპარი დაიწყო.
"ფერმერების" გარემარბმა 35 მატჩში გაიტანა 16 გოლი, მოიპოვა ერედივიზიონის ჩემპიონობა და მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც. არ უნდა დაგვავიწყდეს ფორტუნა სიტარდის წინააღმდეგ გამართული შეხვედრაც, რომელშიც ფილიპს არენას ბინადრების მე-5 ნომერმა 3 ბურთი შეაგდო.
36 წლის გარემარბის ჩემპიონთა ლიგაზე დატრიალებული თავგადასავალი ხომ ცალკე ზღაპარია. ვეტერანმა შემტევმა ორი გოლით ფლეიაუთს გამოთიშა მისთვის კარგად ნაცნობი იუვენტუსი, 1/8 ფინალში კი პერიშიჩმა არსენალსაც შეუგდო. დღეს, ვეტერანი ვინგერის დამატებას განიხილავს ბარსელონა და მისი დამრიგებელი ჰანსი ფლიკი, რომელმაც ხორვატი შემტევის შესაძლებლობების შესახებ კარგად იცის.
კატალონიელების ინტერესის გამო, ივანი პიტერ ბოშის გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. დავუბრუნდეთ "რინოს", რომელმაც "თეთრ-ლურჯებთან" ერთად ხორვატიის ჩემპიონობა ხელიდან გაუშვა. ამის მიუხედავად, მოულოდნელი საჩუქარი მიიღო 47 წლის სპეციალისტმაც, იტალიის ეროვნული გუნდის ჩაბარების სახით.









