მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა და ამის შემდეგ, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე შეუდგა. ლეგენდარული მე-11 ნომერი მუშაობდა გერმანიის ეროვნულ გუნდში, იოაჰიმ ლიოვის ასისტენტად და იმავე პოსტზე ჰანსი ფლიკთანაც, "რეკორდმაისტერში".
ზაფხულის დასაწყისში 46 წლის მწვრთნელმა "ოლდმაისტერი" ჩაიბარა, რომელსაც პირველი ბუნდესლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარება. მისი გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ პირველ ტურში ბავარიელებისთვის ყველაფერი სავალალოდ დასრულდა. ამის მიზეზი კი ბუდუ ზივზივაძეა, რომელმაც კლოზეს გუნდს 3 ბურთი გაუტანა.
ქართველმა თავდამსხმელმა "ლურჯ-თეთრების" ქამბექი დაიწყო პირველი ტაიმის მიწურულს და 79-ე წუთისთვის ტაბლოზე უკვე 3:2 ფიქსირდებოდა. როგორც ვხედავთ, ბადენ-ვიურტემბერგელთა ფორვარდმა მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორს დებიუტი ნიურნბერგში მართლაც ჩაუმწარა.











