ზლატან იბრაჰიმოვიჩის ვაჟი, მაქსიმილიანი მილანიდან იჯარით ამსტერდამის აიაქსში გადავიდა. შვედი შემტევის თანაგუნდელი "ებრაელების" ახალგაზრდულ გუნდში იქნება რაფა ვან დერ ვაარტის შვილი, დამიანი. ერთი შეხედვით, ამ ისტორიაში საინტერესო არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კრუიფ არენაზე მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელების მამები ერთმანეთის მტრები არიან.
შვედი და ნიდერლანდელი შემტევები 21-ე საუკუნის დასაწყისში ასევე ერთად თამაშობდნენ აიაქსში, თუმცა 2004 წლის ზაფხულში მათი ურთიერთობა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. მიზეზი: ტრავმა, რომელიც ბარსელონას ექს-ფორვარდმა მიაყენა მადრიდის რეალის ყოფილ ფლეიმეიქერს, ნიდერლანდებისა და შვედეთის ეროვნული გუნდების ამხანაგურ შეხვედრაში.
"მფრინავი ჰოლანდიელების" ათიანს დაუზიანდა კოჭი, რის შედეგადაც მას მოედნის დატოვება და რამდენიმეკვირიანი მკურნალობა მოუწია. ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ, ვან დერ ვაარტმა საჯაროდ განაცხადა, რომ სკანდინავიელთა მე-10 ნომერმა ტრავმა მას მიაყენა განზრახ, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფდა.
მათი შერიგება ლუი ვან გაალმა და რონალდ კუმანმაც კი ვერ მოახერხეს, რის შემდეგაც მიღებული იქნა ასეთი გადაწყვეტილება - ერთი მათგანი დარჩებოდა ამსტერდამში, მეორე კი გაიყიდებოდა. შედეგად, იბრა გადაბარგდა ტურინის იუვენტუსში, ნიდერლანდელი ფლეიმეიქერი "ებრაელებში" დარჩა.
იმის შემდეგ გავიდა ორ ათწლეულზე მეტი, შვედ ყოფილ თავდამსხმელსა და რაფაელს შორის არსებული მტრობა ჯერაც არ დასრულებულა. ორივე ვეტერანი პერიოდულად აკეთებს დამამცირებელ და პროვოკაციულ განცხადებებს ერთმანეთის მისამართით, 22 წლის შემდეგაც კი. ვნახოთ, შეიცვლება თუ არა მათი ურთიერთობა შვილების ერთად თამაშის შემდეგ.









