საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის შეკრება დაიწყო. ჩვენი ნაკრები 11 ოქტომბერს პოზნანში უკრაინას, 14 ოქტომბერს კი თბილისში, ალბანეთს დაუპირისპირდება.
LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მცველმა საბა კვერკველიამ ამ მატჩების მოლოდინსა და ნაკრებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, კვერკველია წინა შეკრებაზე გამოძახებული არ იყო, გასულ თვეს ის დინამო თბილისში გადავიდა, სტაბილურად თამაშობს და სანიოლმა ნაკრებში დააბრუნა.
"სანაკრებო მატჩებს კარგ ფორმაში ვხვდები. დინამო თბილისში ყველა მატჩს ვთამაშობ და კმაყოფილი ვარ. მაქსიმალურად მზად ვარ, რათა საქართველოს ნაკრებს იმ მიზნების მიღწევაში დავეხმარო, რაც ახლა გვაქვს.
ჩემთვის პირველი საფიქრალი სულ ის არის, ყოველთვის იმ კონდიციებში ვიყო, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახონ და თავის მხრივ, მეც მაქსიმალურად დავეხმარო ნაკრებს".

ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისა და სექტემბერის მატჩებში ნაჩვენები კარგი შედეგების შემდეგ, კვერკველია მიიჩნევს, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი მსოფლიო დონის სპეციალისტია:
"სანიოლს ყველა უყვარს. ნაკრები ერთი დიდი ოჯახია. მისი ხედვაა, რომ ამა თუ იმ კონკრეტული მატჩისთვის ვინც ყველაზე მეტად იქნება მზად, იმან ითამაშოს, რაც სწორია. ვილი მსოფლიო დონის მწვრთნელია და ყველაფერს თავისი საქმით ამტკიცებს."
მოგეხსენებათ, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურებში ჯერ ჩეხეთის ნაკრებს შინ 4:1 მოვუგეთ, შემდეგ კი სტუმრად ალბანეთი 0:1 დავამარცხეთ.
"წინა ორ მატჩში ეროვნულ ნაკრებში არ ვყოფილვარ, თუმცა თვალი მივადევნე. ეს იყო საუკეთესო ორი მატჩი ნაკრებისთვის. თან აღსანიშნავი ისაა, რომ დაბალანსებულად კარგები ვიყავით როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.
რაც შეეხება მომავალ თამაშებს, ვეცდებით, ეს კარგი სვლა არ შევაჩეროთ, ორივე მატჩში მოედანზე გამარჯვებისთვის გავიდეთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ. ვფიქრობ, ნაკრებს ამის პოტენციალი აქვს."

გასაკვირი არაა, რომ კვერკველია ნაკრების შემტევებზეც გვესაუბრა. ქართველი შემტევები მსოფლიო დონის ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ და კარგ შედეგებს აფიქსირებენ როგორც კლუბში, ისე ნაკრებში.
"როცა შენთან ერთად ისეთი მაღალი დონის შემტევები თამაშობენ, როგორებიც მიქაუტაძე, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი და სხვები არიან, მცველისთვის დიდი კომფორტია. როდესაც მეტოქეს ბურთს ართმევ და პასს ამ მოთამაშეებს უკეთებ, უკვე დარწმუნებული ხარ, რომ რაღაცას შექმნიან."
32 წლის კვერკველიამ საქართველოს ნაკრებში რამდენიმე თაობათა ცვლა გამოიარა. ჩვენთან ინტერვიუ მან შემდეგი წინადადებით დაასრულა:
"ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრები ისტორიაში საუკეთესოა, რაც აქამდე გვყოლია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს".

იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











