მადრიდის რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრები მომავალში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დუელის მსგავსს დაპირისპირებას აუცილებლად იხილავენ. იტალიელი ექს-დამრიგებელი არგენტინელისა და პორტუგალიელის მემკვიდრეებად კილიან მბაპესა და ჯუდ ბელინგემს ასახელებს.
"მესისა და რონალდუს საქმეს მბაპე-ბელინგემის დუეტი გააგრძელებს. რატომ არ ვასახელებ ჰოლანდს? ჩემი აზრით, ტექნიკური სრულყოფილების მხრივ, ის წყვილი უფრო მაღლა დგას. დიახ, ერლინგი შთამბეჭდავი ფორვარდია საუცხოო შედეგით, მაგრამ კილიანი და ჯუდი არიან მოთამაშეები, რომლებსაც სუსტი წერტილები არ აქვთ.
ნორვეგიელი თავდამსხმელი კი ერთი კონკრეტული ზონის ფეხბურთელია, მისი მოქმედების არეალი მხოლოდ მოწინააღმდეგის საჯარიმოთი იფარგლება. მათ თამაშს არ აქვს ჩარჩოები, ისინი სხვა განზომილებაში არიან. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ვცდილობ სიტის ფორვარდის დაკნინებას, არასწორად არ გამიგოთ.
მანჩესტერელთა ცხრიანი შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, თუმცა ფრანგი შემტევი ამ დროისთვის ნომერ პირველი ფეხბურთელია", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ექს-დამრიგებელმა. შეგახსენებთ, პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ლიდერი მომავალ ზაფხულს სწორედ "ბლანკოსში" გადავა.









