დღეს, 24 მაისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება საფრანგეთის თასის ფინალი, რომელშიც პარის სენ-ჟერმენი რეიმსს დაუპირისპირდება. ლიგა 1-ის მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ფეხბურთელის რანგში მე-2 ტიტულის მოპოვებას ეცდება.
ტრებლისკენ მიმავალ გზაზე
კვარაცხელიას ერთი კვირის შუალედში სათამაშო აქვს ორი ფინალი - პირველი გაიმართება დღეს, ზუსტად შვიდ დღეში კი პარის სენ-ჟერმენი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მთავარ შეხვედრაში მილანის ინტერს დაუპირისპირდება. ასეთია ქართველი ვინგერის ტრებლისკენ მიმავალი გზა.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ხვიჩასთვის ის კარგად ნაცნობია. სწორედ რეიმსთან მატჩში შედგა მისი დებიუტი პსჟ-ს ფეხბურთელის რანგში. ის შეხვედრა დასრულდა ფრედ, 1:1 და პარიზელთა მხრიდან ის ერთადერთი ბურთი სწორედ საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერის ასისტით გავიდა.
ლუის ენრიკეს გუნდის შვიდიანმა საგოლე გადაცემა გაუკეთა უსმან დემბელეს და ვნახოთ, რა იქნება დღეს. რაც შეეხება მის საერთო მონაგარს პარკ დე პრენსზე, 24 წლის ვინგერმა მოასწრო 24 შეხვედრის ჩატარება, რომელშიც მან შეაგდო 6 ბურთი და გააკეთა 6 ასისტი.









