როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთი და ლუქსემბურგი არიან მეზობლები, მათი საზღვარი კი სწორედ ქალაქ მეცზე გადის. კლუბი აქტიურად იზიდავს ტალანტებს ახლო ქვეყნიდან და ისტორიაში გვხვდება 18 ფეხბურთელი დიდი საჰერცოგოდან რომელთა პროფესიული საფეხბურთო კარიერა "ლეს გრენატსში" დაიწყო.
არ ჩამოვთვლით თითოეულ მათგანს, უბრალოდ გამოვარჩევთ ლოთარინგიელთა ოთხ მთავარ ფეხბურთელს "ლომებიდან". უპირველეს ყოვლისა გამოსარჩევია ნიკო ბრაუნი, რომელიც 109 ბურთით "წითლების" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია. დიახ, ის ლუქსემბურგელია. ასევე უნდა ავღნიშნოთ ფერნარდ ჯეიტსი, რომელიც ჩატარებული მატჩების რაოდენობით (361 თამაში) სენ-სიმფორიენზე მე-4 მოთამაშეა.

არ შეიძლება ჯეფ შტრასერის გამოტოვებაც. დიდი საჰერცოგოს მთავარი ვარსკვლავი, რომელმაც საუკეთესო წლები გაატარა გერმანიაში - კაიზერსლაუტერნსა და მიუნხენგლადბახის ბორუსიაში. ლუქსემბურგელმა ექს-უკანახაზელმა კარიერა სწორედ მეცში დაიწყო. ბოლოს კი გუსტავ კემპი, კლუბის კიდევ ერთი გოლეადორი დიდი საჰერცოგოდან, რომელიც 31-წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
დღეს, ლიუკ ჰოლცის მიერ გაწვრთნილ ეროვნულ გუნდში არის სამი ფეხბურთელი, რომელთა გზამ "ლეს გრენატსში" გაიარა. საუბარია ლორან იანსზე (კაპიტანი), ვინსენტ ტილსა და ვაჰიდ სელიმოვიჩზე. ლოთარინგიაში პროფესიონალურ კარიერას იწყებდა მირალემ პიანიჩიც, ის დაიბადა სწორედ ლუქსემბურგში, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე მან მშობლიური ბოსნია აირჩია.
ტურინის იუვენტუსის ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი არ არის ერთადერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი "წითლების" აკადემიიდან, შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ რობერტ პირესი, ემანუელ ადებაიორი, სადიო მანე, კალიდუ კულიბალი და ბევრი სხვა. სენ-სიმფორიენის მინდორზე დიდ ფეხბურთში დამკვიდრებას ფრანკ რიბერიც ცდილობდა.

დღეს, მეცის მთავარი ვარსკვლავი გიორგი მიქაუტაძე არის. მისი პროფესიონალური კარიერა ამ გუნდში დაიწყო. შემდეგ იყო განათხოვრება სერენში, სადაც ქართველმა ფორვარდმა 57 მატჩში 36 ბურთი გაიტანა. ის გახდა სეზონის საუკეთესო გოლეადორი, მისი გუნდი კი 25-წლიანი პაუზის შემდეგ, ბელგიის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა.
ცხადია, ეს ყველაფერი არ ჩაივლიდა "ლეს გრენატსის" ყურადღების გარეშე და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მშობლიურ გუნდში იქნა დაბრუნებული. 23-წლის ფორვარდმა იგივე რამ უკვე ლოთარინგიაშიც გაიმეორა: სეზონის საუკეთესო გოლეადორის წოდება და აღზევება ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში, ამჯერად საფრანგეთში.

მიქაუტაძის შემდეგი გაჩერება გამოდგა ამსტერდამის აიაქსი, თუმცა ნიდერლანდებში გატარებული ექვსი თვის შემდეგ, ის კვლავ "წითლებში" აღმოჩნდა. სენ-სიმფორიენის ბინადრების მიზანი ამჯერად წარმოადგენს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას და მათი მთავარი იმედი ქართველი ფორვარდია.
საკლუბო ფეხბურთმა დროებით გადაიწია მეორე პლანზე, წინ სანაკრებო შეხვედრებია, სადაც "ჯვაროსნებს" ელით ისტორიული მნიშვნელობის დაპირისპირება სწორედ დიდ საჰერცოგოსთან. ცხადია, ამ ყველაფრის მონაწილე ჟორჟიც იქნება. მან უკვე დაწერა მეცისა და სერენის თანამედროვე ისტორია, ახლა იგივეს გაკეთებას ის თეთრ-წითელ მაისურში ეცდება.












