ვახტანგ სალია დინამო თბილისს ოფიციალურად დაემშვიდობა და ნიუკასლ იუნაიტედს შეუერთდა. ახალგაზრდა შემტევს ელის ახალი თავგადასავალი, რომელიც ცხადია, არ ჩაივლის ხვიჩა კვარაცხელიასთან შედარების გარეშე. ბრიტანულ პრესას უყვარს პარალელების გავლება, ლეგენდების მოფიქრება, ამა თუ იმ მოთამაშის გაღმერთება თუ მიწასთან გასწორება.
დიახ, ეს ყველაფერი ინგლისური ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. საინტერესოა, რომ ორი წლის წინ, "ჯორდების" სატრანსფერო რადარზე პარის სენ-ჟერმენის ამჟამინდელი ვინგერიც ფიგურირებდა. ეს ისტორია გაიხსენა Telegraph-მა, როდესაც ახალგაზრდა შემტევი ნეაპოლიდან საფრანგეთის დედაქალაქში გადადიოდა.
საუბარია 2023 წლის ზაფხულზე - ქართველი გარემარბი თამაშობდა "პარტენოპეიში" და სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონიც იყო. ის რეალურად ფიგურირებდა "კაჭკაჭების" სატრანსფერო სიაში, მაგრამ კლუბმა არჩევანი სხვა მოთამაშეზე შეაჩერა."აძურიმ" 24 წლის ვინგერი შეაფასა 80-100 მილიონად, რაც სენტ ჯეიმს პარკის ბინადრებისთვის მიუღებელი თანხა გამოდგა.
ამის გარდა, ედი ჰაუს სამწვრთნელო შტაბში ფიქრობდნენ რისკ ფაქტორზე - შეძლებდა თუ არა დიეგო მარადონას ბინადრების 77-ე ნომერი ინგლისის ჩემპიონატში ათამაშებას. საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ნიუკასლმა უარი თქვა კვარას ტრანსფერზე და მის ნაცვლად ენტონი გორდონი გაიფორმა.
ქართველი გარემარბი დარჩა აურელიო დე ლაურენტისის კლუბში, თუმცა წელიწადნახევრის შემდეგ, ის პსჟ-ში გადავიდა. დღეიდან, "ჯორდების" განკარგულებაში იქნება კიდევ ერთი ქართველი შემტევი, რომლის პროგრესსა და ფორმირებაზე მთლიანად ინგლისური კლუბი იქნება პასუხისმგებელი.









