ევროთასების მიმდინარე სეზონში შესაძლოა დაფიქსირდეს უნიკალური ფაქტი - სამივე ტიტული ერთ ქალაქში წავიდეს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არსენალი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ტოტენჰემი ევროპა ლიგას, ჩელსი კი კონფერენს ლიგას. ევროთასების ცენტრი ასეთი სცენარით ლონდონი გახდება.
მსგავსი პრეცენდენტი ევროპული ფეხბურთის ისტორიაში არასდროს ყოფილა. დიახ, გვახსოვს ფაქტი, როდესაც 2017/2018 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო რეალმა, ევროპა ლიგა კი ატლეტიკომ, რის შედეგადაც ევროპის მთავარი საფეხბურთო ქალაქი გახდა მადრიდი, მაგრამ იმ დროს თამაშდებოდა 2 ევროთასი და არა 3.
რაც შეეხება ეპოქას, 1971-1999, როდესაც ევროპას ჰქონდა სამი თასი (ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, თასების მფლობელთა თასი), ერთი ქალაქის ტრიუმფით სეზონი არც იმ დროს დასრულებულა, მაგრამ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სამივე თასი წავიდა ერთ ქვეყანაში, კერძოდ კი იტალიაში.
1989/1990 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის ტრიუმფატორი გახდა მილანი, უეფას თასის - იუვენტუსი, თასების მფლობელთა თასის კი სამპდორია. საინტერესოა ისიც, რომ ტურინელთა მეტოქე უეფას თასის ფინალში იყო ასევე კალჩოს წარმომადგენელი: ფიორენტინა.









