ნაპოლიმ ვალტერ მაძარი გაათავისუფლა და მის ნაცვლად დანიშნა სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფრანჩესკო კალცონა. ის არ იქნება მარტო, იტალიელ დამრიგებელს თან მოყვება "პარტენოპეის" ცოცხალი ლეგენდა, მარეკ ჰამშიკი. ის სამწვრთნელო შტაბის წევრი იქნება. უნდა ითქვას, რომ არც კალცონაა "აძურისთვის" უცხო.
იტალიელ მწვრთნელს თანაშემწის რანგში სხვადასხვა დროს უმუშავია მაურიციო სარისა და ლუჩანო სპალეტისთან, რაც ნიშნავს იმას, რომ "ლურჯების" მოთამაშეების უმეტესობას ის კარგად იცნობს. რაც შეეხება ფრანჩესკოს შორეულ წარსულს, დიდი ფეხბურთის თამაშის ბედნიერება მას არ ჰქონია, 3 მატჩი სერია ბ-ში და ერთი ეპიზოდური როლი კოპა იტალიაზე.
სტადიო დიეგო არმანდო მარადონას ბინადრების ამჟამინდელი მწვრთნელი არეცოში თამაშობდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ის სათავეში ედგა სამოყვარულო კლუბ ტეგოლეტოს, დამატებითი შემოსავლის წყარო კი ყავის გაყიდვა იყო. 55-წლის დამრიგებლის დიდ ფეხბურთში შემოჭრა სარისთან მეგობრობასთან პირდაპირ კავშირში არის.

მათი გაცნობა შედგა 1999 წელს, როდესაც მაურიციომ ზემოთხსენებული ტეგოლეტოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სწორედ კალცონა შეცვალა. როდესაც სარიმ შეაბიჯა დიდი ფეხბურთის სამყაროში, ასისტენტად მან ფრანჩესკო მოიწვია. ისინი 10 წლის მანძილზე მუშაობდნენ ერთად, 2008-დან 2018-მდე.
მათი გზები გაიყო მას შემდეგ, რაც ნაპოლის ამჟამინდელი მწვრთნელი სამუშაოდ სერია ბ-ს ბინადარ გროსეტოში წავიდა. 2021-2022 წლების სეზონის წინ, 55-წლის სპეციალისტი დაბრუნდა "პარტენოპეიში", ისევ ასისტენტის რანგში, მაგრამ ამჯერად უკვე სპალეტისთან. 2022 წლის ივლისში კი მოხდა სანაკრებო ფეხბურთში ჩართვა.
კალცონა დაინიშნა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელად, მისი ერთგვარი რეკომენდატორი ამ საკითხში ჰამშიკი იყო. ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ძალიან კარგად იცოდა იტალიელი დამრიგებლის შესაძლებლობების შესახებ. "კალცონას აქვს თავისი ხედვა. ის შეძლებს სლოვაკეთის ნაკრების გაცოცხლებას", - ასე დაახასიათა მარეკმა იტალიელი სპეციალისტი.

ფრანჩესკომ ნამდვილად გაამართლა იმედები და "თეთრ-ლურჯები" მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. მისი მწვრთნელობით ნაკრებმა ჩაატარა 14 მატჩი, აქედან 7 მოიგო, 4-ჯერ ითამაშა ფრედ და 3-ჯერ დამარცხდა. "აძურის" სპეციალისტის ხელშეკრულება სლავებთან გათვლილია ევრო 2024-ის ბოლომდე, მაგრამ საუბრები გახანგრძლივების შესახებ უკვე არის.
რაც შეეხება "ლურჯებში" მუშაობას, 55-წლის მწვრთნელი გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, კალცონა თავისუფალ დროს მარადონაზე მუშაობით შეავსებს.










