ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის რიგით მე-7 გრან პრის იტალიამ უმასპინძლა, რომელიც დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გასწრებების გარდა, გულშემატკივრებმა უსაფრთხოები მანქანა და ტაქტიკური ბრძოლები იხილა.
მაკლარენის მორიგი გამარჯვება კვალიფიკაციაზე და მოულოდნელი სიურპრიზები
ემილია-რომანიას გრან პრის კვალიფიკაციაზე უსწრაფესი დრო მაკლარენის ავსტრალიელმა პილოტმა, ოსკარ პიასტრიმ აჩვენა და მორიგი პოულ პოზიცია მოიპოვა. მეორე ადგილზე კი მაქს ვერსტაპენი გავიდა, რომელიც პიასტრის მხოლოდ 0,034 წამით ჩამორჩა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე სიურპრიზები შემოგვთავაზეს ფერნანდო ალონსომ და კარლოს საინსმა. ასტონ მარტინის გამოცდილი პილოტი მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო უილიამსის ახალწვეულმა მე-6 პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მესამე სეგმენტში მოხვდნენ მათი თანაგუნდელებიც — ალექს ალბონი მე-7, ხოლო ლანს სტროლი მე-8 ადგილს დასჯერდა.
მესამე სეგმენტში გადავიდნენ და შესაბამისად ათეულში მოხვდნენ ისაკ ჰაჯარი და პიერ გასლიც. ფერარიმ კი საშინაო კედლებში სრული ფიასკო განიცადა და ორივე პილოტი მეორე სეგმენტში ჩარჩა. საბოლოოდ, შარლ ლეკლერმა და ლუის ჰამილტონმა მე-11 და მე-12 პოზიციები დაიკავეს.
მაქს ვერსტაპენის ბრწყინვალე სტარტი და მოგებული პოზიცია
ემილია-რომანიას გრან პრის რბოლა ბრწყინვალედ დაიწყო მოქმედმა ჩემპიონმა, მაქს ვერსტაპენმა და პირველივე წრეზე მოიპოვა ლიდერობა. ნიდერლანდელმა პილოტმა გვიანი მუხრუჭის ხარჯზე გადაასწრო გარე ტრაექტორიით პიასტრის და პელეტონს სათავეში ჩაუდგა.
*ვერსტაპენი V პიასტრი, ემილია-რომანიას გრან პრი
რედ ბულის 27 წლის მრბოლელმა რბოლა უშეცდომოდ ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ტიპის საბურავებით მან 29 წრე იარა და ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის დროს შევიდა პიტ სტოპზე, რის ხარჯზეც 19 წამიანი უპირატესობა მოიპოვა ლანდო ნორისზე.
გრან პრიზე უსაფრთხოების მანქანა 47-ე წრეზე გამოვიდა, რამაც სიტუაცია დაძაბა და მაკლარენებს პირველობისთვის ბრძოლის საშუალება მისცა. რბოლის განახლების შემდეგ, პიასტრიმ სცადა ვერსტაპენის გადასწრება, თუმცა, არ გამოუვიდა და საბოლოოდ, ნორისთანაც დათმო მეორე პოზიცია.
ფერარის რეაბილიტაცია ჩაგდებული კვალიფიკაციის შემდეგ
საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე სეგმენტიდან გავარდნის შემდეგ, ფერარიმ რბოლაში საკმაოდ კარგი ტემპი შემოგვთავაზა და არაერთი პოზიცია მოიგო. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია შარლ ლეკლერი, რომელმაც სანახაობრივი ბრძოლები და გადასწრებები შემოგვთავაზა.
რბოლის მიწურულს, მე-60 წრეზე ლეკლერი მე-4 პოზიციაზე იმყოფებოდა და მას ალექს ალბონი უტევდა. მონეგასკის და ტაილანდელის ბრძოლა ინციდენტით და ამ უკანასკნელის ტრასიდან გადავარდნით დასრულდა, რის გამოც ჰამილტონთანაც დაკარგა პოზიცია. ჯარიმისგან თავის არიდების მიზნით, ლეკლერმა ჰამილტონი და ალბონი გაატარა და რბოლა მე-6 ადგილზე დაასრულა.
*ემილია-რომანიას გრან პრი, TOP 10
სატურნირო ცხრილი 7 რბოლის შემდეგ
ემილია-რომანიას გრან პრის შემდეგ, სატურნირო ცხრილში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და ლიდერები ერთმანეთს მიუახლოვდნენ. 146 ქულით ოსკარ პიასტრი ლიდერობს, მეორე ადგილს 133 ქულით მისი თანაგუნდელი, ლანდო ნორისი იკავებს, ხოლო მოქმედი ჩემპიონი, მაქვს ვერსტაპენი 124 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.
კონსტრუქტორთა ცხრილში კი დიდი უპირატესობა აქვს მაკლარენს — ბრიტანულ გუნდს 279 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ მერსედესს 132 ქულით უსწრებს. რედ ბული კი 131 ქულით მესამეა, ხოლო ფერარი 114 ქულით მე-4.
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის შემდეგი, რიგით მე-8 გრან პრი მონაკოში, 25 მაისს გაიმართება.









