"ჯვაროსნები" განთესილები იყვნენ С ლიგის მეოთხე ჯგუფში ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა დაპირისპირება გუნდთან, რომელთანაც შინაურ კედლებში ევრო 2020-ის საგზური დავთმეთ. ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა 2022 წლის 2 ივნისს, სახლში დამარცხებული იქნა გიბრალტარი, ანგარიშით 4:0.
თეთრ-წითლებში შემოსილმა მასპინძლებმა ზღვისპირელებს უბრალოდ შანსი არ დაუტოვეს. გოლები გაიტანეს ხვიჩა კვარაცხელიამ, გურამ კაშიამ, გიორგი მიქაუტაძემ და ვაკო ყაზაიშვილმა. 3 დღის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ასევე უხვგოლიან მატჩში სტუმრად დაამარცხა ბულგარეთი, ანგარიშით 5:2.

ვაკომ და ხვიჩამ კვლავ გაიტანეს, მათთან ერთად კი ზურიკო დავითაშვილმა, ბუდუ ზივზივაძესთან ერთად. ოთხი დღის შემდეგ, მოვიდა იმ მოწინააღმდეგის ჯერი, რომელზეც რევანშის აღება საქართველოს ეროვნულ გუნდს ყველაზე მეტად სურდა. საუბარია მაკედონიის შესახებ, რომელიც ზივზივაძის, კვარაცხელიასა და კიტეიშვილის ბურთებით შინ 0:3 განადგურდა.
სამი ტურის შემდეგ, ნათელი იყო, რომ ჩვენი ნაკრები დანარჩენებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა და სიტუაცია არც ბულგარეთთან სახლში უგოლო ფრემ შეცვალა. დარჩენილ 2 ტურში, "ჯვაროსნებმა" კიდევ ერთხელ მოუგეს მაკედონიასა (2:0) და გიბრალტარს (2:1). შედეგად: 6 მატჩი, 5 მოგება, 1 ფრე და 0 წაგება. ბურთების შეფარდება: 16:3.
სანიოლის გუნდიდან ყველაზე მეტი, ხუთი გოლი გაიტანა ხვიჩამ, რომელიც ვედატ მურიქისთან ერთად, С დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. რაც შეეხება ერთა ლიგის ზოგადად 2022/23 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს, ნაპოლის ვინგერზე მეტი გაიტანა მხოლოდ ორმა მოთამაშემ: ერლინგ ჰოლანდმა და ალექსანდრ მიტროვიჩმა, 6-6 ბურთი.

საქართველოს ნაკრები დამაჯარებელად გავიდა ერთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც მოწინააღმდეგე ლუქსემბურგი იყო. ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქე საბერძნეთი - ყაზახეთს შორის გამარჯვებული იქნებოდა. მათი დაპირისპირება დასრულდა ანგარიშით 5:0, ელადელთა მოგებით.
"ჯვაროსნებმა" კი რამდენიმე საათით ადრე ზივზივაძის დუბლით დიდი საჰერცოგო დაამარცხეს. ფინალში მოწინააღმდეგეები იყვნენ "ლურჯ-თეთრები", რომლებმაც ყაზახეთის განადგურებით, თითქოს ფავორიტის სტატუსი მოირგეს. "მეკობრეების" მხარეს იყო სტატისტიკაც: 9 მატჩი, 7 მოგება და 2 ფრე. დიახ, საქართველოს საბერძნეთთან აქამდე მოგებული არ ჰქონდა.
ფინალის თარიღი - 26 მარტი, დიდი თარიღი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 13 წლის წინ, ამ დღეს ხორვატია იქნა დამარცხებული. ჩვენმა ნაკრებმა გვასახელა 13 წლის შემდეგაც და ელადელთა დამარცხებით, თავის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. 120-წუთიანი ომი, 11-მეტრიანების სერია, გიორგი მამარდაშვილის სეივი და ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი დარტყმა, ასე დაიწერა ისტორია...












