საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყურადღების ცენტრში იქნება კვარაცხელია, თუმცა ამ გუნდის განკარგულებაში არის ფეხბურთელი, რომელიც მას არაფრით ჩამოუვარდება. საუბარია ჩაკვეტაძის შესახებ, რომელსაც დღეისათვის უფრო მეტის მიღწევა შეეძლო. ის სულ რაღაც 18 თვით არის ხვიჩაზე უფროსი.
ქართველი ნახევარმცველის კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო, რის შემდეგაც ის, 18 წლის ასაკში, გენტში გადავიდა. უეფამ 2019 წელს გამოაქვეყნა ევროპის ყველაზე იმედისმომცემი მოთამაშეების სია და საუკეთესო 50-ეულში გიორგიც მოხვდა. ამის გარდა, 2018-ში ის საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სამწუხაროდ, ბელგიური გუნდის ნახევარმცველის საფეხბურთო გზის დიდი ნაწილი ტრავმიანობით ხასიათდება. მან კარიერის რეანიმირება ცოტა ხნის წინ დაიწყო. 24 წლის გამთამაშებელი ევრო 2024-ის შესარჩევში ძალიან სასარგებლო იყო. A ჯგუფში მასზე ხშირად პარტნიორებისთვის სახიფათო მომენტებს მხოლოდ 4 მოთამაშე ქმნიდა: დანი კარვახალი, როდრი ერნანდესი, მარტინ ოდეგორი და ფრედრიკ აურსნესი.
ამის გარდა, უოტფორდის მე-16 ნომერი იყო იმ სამ ფეხბურთელს შორის, რომელმაც პარტნიორებს მინიმუმ სამი საგოლე გადაცემა შეუქმნა. ასეთები იყვნენ: ნიკო უილიამსი, ანტონიო ნუსა და სწორედ ჩაკვეტაძე. მისი სამივე ასისტი კვარაცხელიას მისამართით იყო. ევრო 2024-ზე ჩაკვეტაძე ითამაშებს ჩემპიონშიფში გატარებული საკმაოდ კარგი სეზონის შემდეგ.
როგორც ვიცით, ქართველი ნახევარმცველი "ყვითლებში" განათხოვრების წესით თამაშობდა, თუმცა მოგვიანებით, კლუბმა ის 2.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ინგლისში გადმოსვლის შემდეგ, გიორგი ინახულა შოთა არველაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი თანამემამულე თამაშის სტილითა და ტექნიკით ყველას თავს შეაყვარებდა. ასეც მოხდა, ჰერტფორდშირელთა გამთამაშებელი ამჟამად ფანების ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა.

24 წლის ნახევარმცველის კარიერა ტრავმების გარეშე ვერც "ოქროს ბიჭების" შემადგენლობაში მიმდინარეობს, თუმცა საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია. ვიკარიჯ როუდის ბინადრების მე-16 ნომერმა 2023/24 წლების სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 ბურთი და გააკეთა 3 ასისტი. საერთო ჯამში, მან მოედანზე 1804 წუთი დაჰყო.
ჩაკვეტაძემ განსაკუთრებით მოუმატა სეზონის მეორე ნახევარში, რაც ციფრებითაც ჩანს. მის მიერ მოედანზე გატარებული წუთები რომ გავყოთ 90-ზე, მივიღებთ ასეთ სტატისტიკას: ქართველი გამთამაშებელი საშუალოდ ერთ მატჩში პარტნიორებისთვის 3.89 საფიხათო მომენტს ქმნის. მასზე წინ არის მხოლოდ ფინ აზაზი, 3.97-ით.

სეზონის მეორე ნახევარში გიორგი ტომ კლევერლის გუნდის რიგით მეორე ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი იყო. 37 შექმნილი მომენტი და 2.6 პოტენციური ასისტი, ამ სტატისტიკით, საქართველოს ეროვნული გუნდის გამთამაშებელზე წინ უოტფორდში მხოლოდ იასერ ასპრილია (45 შექმნილი მომენტითა და საშუალოდ 4 პოტენციური ასისტით).
ამის გარდა, გასულ სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა გაირბინა 113.4 მეტრი, რაც ჩემპიონშიფის შემტევ ფეხბურთელებს შორის მერვე საუკეთესო შედეგია. დავუბრუნდეთ ევრო 2024-ს, რომელზეც საქართველოს ეროვნული გუნდი დებიუტანტი იქნება. საფეხბურთო სამყაროს ახსოვს არაერთი მაგალითი, როდესაც ტურნირის დებიუტანტი სენსაციას ახდენდა.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასეთი იყო უელსის ნაკრები, რომელმაც გარეტ ბეილსა და აარონ რემზისთან ერთად ისტორია დაწერა. ვინ იცის, იქნებ შემდეგ სიურპრიზს "ჯვაროსნები" ამზადებენ, რომლებიც საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდნენ. მათი მეტოქეები იქნებიან პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი.











