ხვალ გაიმართება საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
მატჩის წინ პრესკონფერენცია ლიეტუვის მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა გააკეთა.
"ვეცდებით, საქართველოსგან მაგალითი ავიღოთ და ევროპის ჩემპიონატზე ჩვენც გავიდეთ. ვიცი, რომ მათ კარგი თაობა ჰყავთ და საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ყოველთვის ტალანტები ჰყავდა.
მათ მაღალი დონის მწვრთნელები ჰყავთ, ვითარდებიან და ლოგიკურია, რომ ამ წარმატებას მიაღწიეს.
საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, ჩვენი გულშემატკივრის წინ და ეს უპირატესობაა. ფურცელზე საქართველო უკეთესი ნაკრებია და ფავორიტიცაა, თუმცა რა მოხდება, ამას მოედანზე ვნახავთ.
ლიეტუვა და საქართველო ბოლოს რომ შეხვდნენ, 6 წელი გავიდა. იმის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა, თაობათა ცვლა, საქართველოში კვარაცხელია გამოჩნდა. ფეხბურთი დინამიური სპორტია და ყველაფერი მალე იცვლება.", - განაცხადა ლიეტუვის მწვრთნელმა.









