საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დღეს ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა დანიასთან სტუმრად 75:69 წააგო.
მატჩის ბედი ბოლო მეოთხედმა გადაწყვიტა. ქართველებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი თერთმეტქულიანი უპირატესობით, 12:23 მოიგეს. მეორე მეოთხედში დანიელებმა სხვაობის შემცირება დაიწყეს, თუმცა ჩვენი გუნდი შესვენებაზე ცხრაქულიანი უპირატესობით, 28:37 გავიდა.
მესამე მეოთხედის მიწურულს, მასპინძლებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 50:51, ტომასონმა ბოლო წამებზე ორქულიანი ჩააგდო და ანგარიში 50:53 გახდა.
დასკვნით მეოთხედი სქართველოს ნაკრებმა სამქულიანი უპირატესობით დაიწყო, თუმცა საწყის წუთებზე დანიელებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, შემდგე კი დაწინაურდნენ და საბოლოოდ, გაიმარჯვეს კიდეც - 75:69.
საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა ალეკსანდარ ჯიკიჩს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში პირველად ითამაშა ამერიკელმა ლეგიონერმა, ჯოზეფ ტომასონმა. დებიუტი ჰქონდა 20 წლის გიორგი ოჩხიკიძესაც.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში დანიის, ფინეთისა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ფინეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე აქვს. G ჯგუფიდან ფინეთთან ერთად ორი საუკეთესო ნაკრები მოხვდება ევრობასკეტზე. სერბეთი ჯგუფის ფავორიტია, შესაბამისად, საქართველოს მთავარი კონკურენტი სწორედ დანიის ნაკრებია.
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს, 26 თებერვალს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა „თბილის არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.











