"საქართველოს პასპორტი სექტემბერში მივიღე, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე საკითხს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წყვეტს. განაცხადი ფიფაში შესულია და მეუბნებიან რომ დროა საჭირო. მე საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა,“ - აცხადებს "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში კონსტანტინ მარადიშვილი, რომელიც ამჟამად "ნიჟნი ნოვგოროდში" თამაშობს.
23 წლის მარადიშვილი განმარტავს თუ რატომ მიიღო საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება და აღნიშნავს, რომ უარყოფით გამოხმაურებებს ყურადღებას არ აქცევს:
„რატომ გადავწყვიტე საქართველოს ნაკრებში თამაში? ასაკის მატების შემდეგ გადავწყვიტე საქართველოსთვის ვითამაშო.
რაც შეეხება კრიტიკას, მამაჩემის მხრიდან ყველა ნათესავი ქართველია და რატომ არ შემიძლია ამ ქვეყნის სახელით ვითამაშო? მამაჩემს ყოველთვის სურდა, საქართველოს ნაკრებში მეთამაშა და ძალიან გაუხარდა როდესაც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გაიგო. წავიკითხე ბევრი ნეგატიური კომენტარი, მაგრამ ახლა ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ, - აცხადებს ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი კონსტანტინ მარადიშვილი ამჟამად "ნიჟნი ნოვგოროდში" იჯარის წესით ასპარეზობს. წარსულში ის რუსეთის 21-წლამდე ნაკრებში თამაშობდა.
საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა, - კონსტანტინ მარადიშვილი









