სასტუმრო "პანორამა ლისი გრანდ ჰოტელში" საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის ყრილობა გაიმართა. ღონისძიებაზე სადაც ახალი პრეზიდებნტი აირჩიეს ორგანიზაციის დამფუძნებელი და დროებითი პრეზიდენტი, დავით ქირია უძღვებოდა.
დამსწრე დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და გამგეობის დანარჩენ წევრებს.
საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე, ქართული სპორტის ქომაგი ლევან ქეცბაია გახდა, ვიცე-პრეზიდენტებად ბაჩო (ნუგზარ) სარალიძე და გივი ქართველიშვილი აირჩიეს, გამგეობის დანარჩენი ორი წევრი კი დავით ქირია და რომეო გაბლაია იქნებიან.
შეხვედრაზე შეკრებილ დელეგატებსა და საზოგადოებას ახალმა პრეზიდენტმა, სიტყვით მიმართა და ფედერაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ლევან ქეცბაიას განცხადებით, თებერვალში ჩატარდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტაილანდურ კრივში. ასევე, ქართველი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. უახლოესი წლების გეგმებში კი საქართველოში ტაილანდური კრივის უმაღლესი რანგის საერთაშორისო ჩემპიონატების მასპინძლობა შედის.









