კრიშტიანო რონალდო Globe Soccer Awards-ზე, ფანების წლის ფავორიტი ფეხბურთელის ჯილდოს მფლობელი გახდა. 38 წლის პორტუგალიელმა, ჯილდოს მიღების დროს, საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"მანჩესტერ სიტი საოცარი გუნდია. ვულოცავ წარმატებულ სეზონს, მათ საოცარი შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავთ. ამ კლუბმა დამსახურებულად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ისინი ამ ტიტულს ალბათ ორი წლის წინაც იმსახურებდნენ, მათი თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ.
ფავორიტი გუნდები ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში? მანჩესტერ სიტი, რეალ მადრიდი და ბაიერნი.
ალ-ნასრიში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვთვლი, რომ აქ გადმოსვლა სწორი ნაბიჯი იყო. საუდი დიდ პროგრესს განიცდის. უფრო მეტი განვითარებისთვის დიდი დროა საჭირო, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ტოპ დონემდე მისვლა შესაძლებელია. ვფიქრობ, დროის ამბავია და საუდის პრო ლიგა, მსოფლიოს ტოპ 3 ლიგაში მალე შევა.
საუდის პრო ლიგა საფრანგეთის ლიგა 1-ზე ნაკლები არაფრითაა. აქ ჯერ მხოლოდ ერთ წელია ვიმყოფები, თუმცა უკვე ვფიქრობ, რომ ჩვენთან უფრო დიდი კონკურენციაა ვიდრე ლიგა 1-ში.
ბედნიერი ვარ, რომ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი მე გავხდი. წარმოიდგინეთ, ვაჯობე ისეთ ფეხბურთელს, როგორიცაა ერლინგ ჰოლანდი. ამ შედეგით ვამაყობ, რადგან მალე 39 წლის ვხვდები და მიყვარს როცა ხალხს ჩემში ეჭვი ეპარება, შემდეგ კი მორიგ წარმატებას ვაღწევ. ჩემზე კრიტიკული კომენტარები დადებითად მოქმედებს.
კარიერის დასრულება? როდესაც ვიგრძნობ, რომ საკმარისია, გავჩერდები... შეიძლება ეს 10 წელიწადში მოხდეს", - განაცხადა ვეტერანმა პორტუგალიელმა Globe Soccer Awards-ის დაჯილდოებაზე.









