ხვიჩა კვარაცხელიას ლონდონის ჩელსისთან საოცარი პერფომანსის შემდეგ, გავიხსენოთ მსგავსი შემთხვევები ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც გარდატეხა სწორედ შეცვლაზე შემოსულ მოთამაშეებს შემოქონდათ. დავიწყოთ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ნომერ პირველი წარმომადგენელით, მადრიდის რეალით.
ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალი, "სამეფო კლუბის" მეტოქე იყო ლივერპული, რომელთან მატჩშიც ფიქსირდებოდა ფრე, ანგარიშით 1:1, მაგრამ შემდეგ, მოედანზე შემოვიდა გარეთ ბეილი, რომელმაც თავისი 2 ბურთით ლორის კარიუსის კარიერა დაასამარა. ვარსკვლავურმა ვინგერმა ჯერ შეაგდო მაკრატელა, მოგვიანებით კი მერსისაიდელთა კარი შორეული დარტყმითაც აიღო.
სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების ხსენებაზე აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ როდრიგო გოესი, ვინც მანჩესტერ სიტისთან მატჩში შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ, 90-91 წუთების შუალედში 2 ბურთი შეაგდო. დაახლოებით იგივეს იზამს ხოსელუ მატუც, 1/2 ფინალში, მიუნხენის ბაიერნთან.
დავუბრუნდეთ "წითლებს", რომლებიც მოგვიანებით დაზარალდებიან კიდევ ერთი მადრიდული გუნდისგან, ატლეტიკოსგან. ინგლისურ კლუბს "როხიბლანკოსის" მხრიდან შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ 2 ბურთით მარკოს ლორენტე დასჯის. თავისი ჯოკერი მომავალში ეყოლება იურგენ კლოპსაც: ჯორჯინიო ვაინალდუმი, რომელიც ბარსელონას წინააღმდეგ ლეგენდარულ ქამბექში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს.
ნიდერლანდელი ნახევარმცველი მოედანზე შემოვა 46-ე წუთზე, რვა წუთის შემდეგ კი მის ანგარიშზე უკვე დუბლი იქნება. თავისი საიდუმლო იარაღი ჰყოლიათ კატალონიელებსაც: ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2006 წლის ფინალი, ლონდონის არსენალთან მოგება სწორედ შეცვლაზე შემოსულ მოთამაშეებს უკავშირდებათ.
61-ე წუთზე მოედანზე ჩნდება ჰენრიკ ლარსონი, ვინც უკეთებს საგოლე გადაცემას თავდაპირველად სამუელ ეტოოს, მოგვიანებით კი ასევე შეცვლაზე შემოსულ ჯულიანო ბელეტის. "ბლაუგრანასთან" მიმართებაში ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ქამბექი პარის სენ-ჟერმენთან, რომელთანაც გადამწყვეტი ბურთი შეცვლაზე გამოსულმა სერხი რობერტომ შეაგდო.
ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი 1990-იანი წლებიდან. ევროპული ფეხბურთის კლასიკა, რომელშიც მანჩესტერ იუნაიტედმა "რეკორდმაისტერს" მოუგო შეცვლაზე შემოსული ტედი შერინგემისა და ოლე-გუნარ სოლსკიაერის ბოლო წუთებზე გატანილი ბურთებით. ინგლისელმა ფორვარდმა ნორვეგიელ შემტევზე ასისტიც გააკეთა.
რამდენიმე წლით ადრე, ამსტერდამის აიაქსი ამ დროისთვის ბოლო ჩემპიონობას სათადარიგოთა სკამიდან შემოსული პატრიკ კლუივერტის ბურთით იზეიმებს. შეცვლაზე გამოსული ლეგენდარული მოთამაშეების რიცხვს შეემატა ქართველი ვინგერიც, რომლის შემოსვლის შემდეგ, პსჟ-მ "არისტოკრატები" 5:2 გაანადგურა.









