დღეს, 31 მაისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება მიმდინარე სეზონის კულმინაცია - ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარის სენ-ჟერმენისა და მილანის ინტერის მონაწილეობით. განვიხილოთ, ყველაფერი საინტერესო პსჟ-სა და მისი იტალიური მეტოქის გარშემო.
განვლილი გზა
მიმდინარე სეზონში გაუქმდა ჯგუფური ეტაპი და პირველად ვიხილეთ ლიგის ფაზა, რომელიც პარის სენ-ჟერმენმა არც თუ ისე მარტივად გადალახა. პსჟ-მ დაიკავა მე-15 პოზიცია, რის გამოც მოუწია პლეიინის თამაში რეიმსთან, მეტოქესთან, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატის დომინანტი უმარტივესად გაუმკლავდა.
უშუალოდ პლეიოფში კი პარიზელებმა გადალახეს ლივერპულის, ასტონ ვილასა და არსენალის ბარიერი. რაც შეეხება ინტერს, მეოთხე ადგილი ფაზაში, შემდეგ კი ტრიუმფი ფეიენოორდთან, ბაიერნსა და ბარსელონასთან. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ამ სტადიაზე მილანელებმა მხოლოდ 1 ბურთი გაუშვეს.
კვარას ფაქტორი
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პარის სენ-ჟერმენმა ნაპოლიდან 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა კვარაცხელია, რომელმაც ფრანგული კლუბი თამაშის ხარისხით ახალ საფეხურზე აიყვანა. ქართველმა ვინგერმა პსჟ-ს ფინალში გასვლაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.
პარიზელთა გარემარბი რამდენიმე თვეში დაეუფლა ლიგა 1-ის ჩემპიონობასა და საფრანგეთის თასს, ამის გარდა, სერია ა-ს გამარჯვებული გახდა "პარტენოპეი", რაშიც თავისი წვლილი ახალგაზრდა ვინგერსაც მიუძღვნის. ვნახოთ, რა იქნება ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში.
ლუის ენრიკეს გუნდის შვიდიანისთვის დღევანდელი მოწინააღმდეგე კარგად ნაცნობია, თუმცა საკმაოდ უხერხული. ინტერი ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის კარის აღება 24 წლის ვინგერმა "აძურიში" თამაშის დროს ვერ შეძლო. მილანელებისთვის გოლის გატანის მას 6 მცდელობა ჰქონდა.
ისტორიული კონტექსტი
ინტერი და პარის სენ-ჟერმენი ერთმანეთს ოფიციალურ მატჩებში აქამდე არასდროს შეხვედრილან. ზოგადი სტატისტიკა რომ ავიღოთ, მილანელებმა ფრანგული კლუბების წინააღმდეგ ჩაატარეს 24 შეხვედრა, 9-ჯერ მოიგეს, 9-ჯერ ითამაშეს ფრე, 6-ჯერ კი წააგეს. ყველაზე უხერხული მეტოქე "ნერაძურისთვის" არის მარსელის ოლიმპიკი, რომელთანაც 4-დან 3 თამაში წააგო.
რაც შეეხება პარის სენ-ჟერმენს, 25 მატჩი სერია ა-ს გუნდების წინააღმდეგ, 6 გამარჯვება, 9 ფრე და 10 მარცხი. განსაკუთრებით მძიმე ფრანგული კლუბისთვის იყო ტურინის იუვენტუსთან დაპირისპირებები, რომელთანაც 10-დან 6 შეხვედრა წააგო. დღეს, პსჟ-ს სტატისტიკის გამოსწორების შანსი აქვს.
ჯუზეპე მეაცას ბინადრების ჩემპიონობის შემთხვევაში, ეს იქნება მათი რიგით მეოთხე ტიტული, 1964, 1965 და 2010 წლების შემდეგ. პარიზელებისთვის კი ეს პირველი თასი იქნება. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, ამ კლუბს ერთხელ ჰქონდა ტიტულის მოგების მცდელობა, მაგრამ ტომას ტუხელის შეგირდებმა ბაიერნთან წააგეს.
ფინალში მარცხი უცხო ხილი არც ინტერისთვის არის. იტალიურმა გუნდმა სეზონის მთავარი მატჩი დათმო სამჯერ - 1967, 1972 და 2023 წლებში. აქვე დავამატებთ, რომ ეს იქნება რიგით მე-2 იტალიურ-ფრანგული ფინალი მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში. პირველი შედგა 1993-ში, რომელშიც მილანმა მარსელთან წააგო.









