6 დეკემბერს ქართული სარაგბო ფრანჩაიზი "შავი ლომი" ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონს იწყებს. პირველ მატჩში რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ფრანგული ტოპ 14-ის "მონპელიეს" „ავჭალაზე“ უმასპინძლებენ.
"შავი ლომი" ჩელენჯ თასზე ზედიზედ მესამე წელია თამაშობს. სადებიუტო სეზონში ქართულმა ფრენჩაიზმა უელსში ადგილობრივ "სქარლეთს" 23:7 სძლია, გასულ სეზონში კი ტოპ 14-ის ‘ვანი’ 22:19 დაამარცხა.
რაც შეეხება მომავალ მეტოქე "მონპელიეს," ის 1986 წელს ორი ადგილობრივი გუნდის გაერთიანებით დაარსდა, 2003 წელს საფრანგეთის მეორე დივიზიონი, პრო დე2 მოიგო და მას შემდეგ ტოპ 14-ია.
გუნდის აღზევება 2007 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ის მუდმივად მიიჩნევა საჩემპიონო ფლეი ოფში გასვლის კანდიდატად. 2022 წელს ‘მონპელიემ’ პირველად და ჯერჯერობით ერთადერთხელ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული. ტიუმფთან ახლოს ის კიდევ ორჯერ იყო, თუმცა 2011 და 2018 წლებში ფინალში დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.
‘მონპელიე’ ორჯერ გახდა ჩელენჯ თასის გამარჯვებული - 2016 და 2021 წლებში.
"მონპელიეს" წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართველ მორაგბეებს. სხვადასხვა დროს ფრანგული გუნდის კვართით უთამაშიათ: სოსო ნიკოლაენკოს, გოდერძი შველიძეს, მამუკა მაგრაქველიძეს, მამუკა გორგოძეს, გიორგი ჟღენტს, გიორგი ჩხაიძეს, გაგი ბაზაძეს, დავით ქუბრიაშვილს, ლევან ჩილაჩავას, ლაშა ლომიძეს, შალვა მამუკაშვილს, კოტე მიქაუტაძეს, მიხეილ ნარიაშვილს, გელა აფრასიძეს, ლუკა აზარიაშვილს, გიორგი გოგოლაძეს, ვანო კარკაძეს და ლაშა მაჭარაშვილს. გუნდის ღირსებას ამჟამად იცავენ ქართველი ბურჯები - ლუკა ჯაფარიძე და ნიკა აბულაძე. ესპუარებში თამაშობენ ლუკა კოტორაშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია.
ტოპ 14-ის გასულ სეზონში "მონპელიემ" 26 მატჩიდან 12 მოიგო, 14 დათმო და ჯამში 56 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში, 11 ტურის შემდეგ გუნდის ანგარიშზე 5 მოგება, ამდენივე მარცხი და ერთი ფრეა. შედეგად, 28 ქულით მე-7 ადგილზეა. თბილისში გამომგზავრებამდე "მონპელიემ"ტოპ 14-ის მე-11 ტურში (29 ნოემბერს) ‘ბორდოს’ უმასპინძლა და 28:24 დაამარცხა.
"შავი ლომი" - "მონპელიეს" მატჩი, 6 დეკემბერს „ავჭალაზე“ 19:15 საათზე დაიწყება.









