ენფილდზე პრემიერ ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება ვიხილეთ, სადაც კლოპის ლივერპული გვარდიოლას მანჩესტერ სიტის დაუხვდა. ამ მატჩამდე გუნდები მეორე და მესამე ადგილზე იმყოფებოდნენ.
საწყისი წუთებიდან გამოჩნდა, რომ წინ ძალიან დაძაბული მატჩი გველოდებოდა. ორივე გუნდმა არაერთი მომენტი გაცვალა, თუმცა გოლის გატანა სტუმრებმა მოახერხეს. დე ბრუინის კუთხურს სტოუნსის გოლი მოჰყვა, 23-ე წუთზე სიტი წინ გავიდა. ამის შემდეგ ლივერპულმა რამდენიმე საინტერესო შეტევა შემოგვთავაზა, თუმცა პირველ ნახევარში მეტი გატანილი გოლი აღარ გვინახავს.
მეორე ტაიმი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. აკეს მიერ დაშვებულ შეცდომას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. ედერსონმა საჯარიმოში დარვინ ნუნიესი წააქცია, რა დროსაც ბრაზილიელმა დაზიანება თავადაც მიიღო. თერთმეტმეტრიანი კი მაკ ალისტერმა ზუსტად შეასრულა, 1:1. ედერსონმა ამ მომენტის შემდეგ მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მის ნაცვლად მოედანზე ორტეგა შევიდა.
ამის შემდეგ უპირატესობა თავიდან ბოლომდე კლოპის გუნდის მხარეს გადავიდა. ლუის დიასს საკუთარი გუნდის წინ გაყვანა ორჯერ შეეძლო, თუმცა კოლუმბიელმა გოლის გატანა ვერც ერთხელ მოახერხა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანზე სალაჰიც დაბრუნდა, რომელმაც ლივერპულის შეტევები კიდევ უფრო გააძლიერა. სიტის მხრიდან მატჩის მიწურულს დოკუს ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი, თუმცა ბელგიელის დარტყმული ხარიხას მოხვდა.
საბოლოოდ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ლივერპულმა 64, მანჩესტერ სიტიმ კი 63 ქულა მოაგროვა. ამ შედეგით არსენალი კვლავ პირველ ადგილზე დარჩა. მომდევნო ტურში კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი გველოდება. გვარდიოლას გუნდი ეტიჰადზე გათამაშების ლიდერ არსენალს უმასპინძლებს.
Premier League
შედეგი, რომელიც ყველაზე მეტად არსენალს აწყობდა - ენფილდზე მატჩი ფრედ დასრულდა










