მორიგ ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები 29 მარტს, კაუნასში ლიეტუვას წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა
ჩაკვეტაძის მდომარეობაზე
ერთი წლია ჩაკვეტაძეს არ უთამაშია და ის დიდი დანაკლისი იყო ჩვენთვის, მან ისრაელთან მატჩიც გამოტოვა, თუმცა ხვალინდელი თამაშისთვის მზად იქნება.
ისრაელთან ამხანაგურ მატჩზე
ამ მატჩში ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, ზოგი ფეხბურთელი განსხვავებულ პოზიციაზე ვათამაშეთ, ხვალ კი ჩვენი მიზანი კარგი პერფორამნსის ჩვენება და გამარჯვებაა, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.
ზურიკო დავითაშვილზე
დავითაშვილი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა ბოლო დროს ნაკრებში წარმატებული მატჩები არ ჰქონდა. ვფიქრობ, ნაკრებში ბევრი კარგი შემტევია, მიქაუტაძე, კვარაცხელია და ჯანსაღი კონკურენციაა, რაც ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია.
ტაქტიკის ცვლილებაზე
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვთქვი, რომ 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავიდოდით და ასეც მოხდა, თუმცა წინა ციკლში წარუმატებლობამ დაგვანახა, რომ ამისთვის ჯერ მზად არ ვართ. ამას დაემთხვა ცენტრალური მცველების როტაცია, კვერკველია, გველესიანი, კაშია, ამ მომენტში არ არიან და გვყავს ახალი სახეები, რომელთაც შეთამაშება სჭირდებათ.
შანსები ლიეტუვასთან
საკმაოდ რთული მატჩი გველის, რადგან სტუმრად ვთამაშობთ და ისინი ჩვენს წინააღმდეგ მოსაგებად გამოვლენ, ჩვენ კი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.









