ბარსელონას წარმატებული სეზონი გრძელდება. ჰანსი ფლიკის გუნდი 3 ტურნირზე აგრძელებს ბრძოლას — კატალონიელები ესპანეთის თასის ფინალში გავიდნენ, ხოლო შიდა ჩემპიონატში, პირველ ადგილს არ თმობენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ფლიკის გუნდმა 1/4 ფინალის პირველ დაპირისპირებაში დორტმუნდი უშანსოდ, 4:0 გაანადგურა, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ბარსელონა, ფაქტობრივად, ნახევარფინალში მოვიაზროთ.
ბარსელონას დღეს ბევრი ლიდერი ჰყავს, რომელთაგან ძირითადად შემტევები არიან, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყოთ ვოიცეხ შესნის პერფორმანსიც, რომელიც უბრალოდ საოცარ ფორმაშია. ვეტერანი პოლონელი კიპერის სათამაშო ფორმა, ჰანსი ფლიკს ახალ თავის ტკივილს უჩენს. შეგახსენებთ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მალე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე განაცხადში პოლონელი ფეხბურთელი იქნება თუ გერმანელი.
კლუბთან დაახლოებული წყაროები როგორც ამბობენ, დიდი ალბათობით, ჰანსი ფლიკი უპირატესობას თანამემამულეს მიანიჭებს, თუმცა გერმანელი სპეციალისტი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ განაცხადიდან ვოიცეხ შესნის ამოიღებენ.









