8 ნოემბერს სენტ-ეტიენმა ლიგა 2-ის ლიდერი ტრუა 3:2 დაამარცხა. ამ მატჩმა ჩაიარა ზურიკო დავითაშვილის გარეშე, რომელმაც მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. თამაშის დასრულების შემდეგ, "მწვანეების" თავკაცმა, ეირიკ ჰორნელანდმა ქართველი ვინგერის წასვლაზე ერთგვარი მინიშნება გააკეთა.
"მომავალში კიდევ აუცილებლად ვიხილავთ ბოაკიეს, კარდონასა და დაფუსის სამეულს, რომელმაც დღეს შესანიშნავად ითამაშა. დიახ, ჩვენთან არიან დავითაშვილი და სტასინიც, მათზე დიდ იმედებს ვამყარებთ, მაგრამ შეტევაში გვაქვს საკმარისი არჩევანი, თუ მათ წასვლა გადაწყვიტეს."
შეგახსენებთ, რომ ქართველი გარემარბის სახელს გასულ ზაფხულს უკავშირებდნენ იტალიურ, ფრანგულ და თურქულ გუნდებს, თუმცა ახალგაზრდა ვინგერი "ლე ვერტში" დარჩა. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას ზურიკოს ტრანსფერი დიდი ალბათობით კვლავ აქტუალური გახდება.









