FourFourTwo-მ 1990-1999 წლების საუკეთესო მეკარეთა სია გამოაქვეყნა. პირველი ადგილი დაიკავა პეტერ შმეიხელმა, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის ლეგენდარული მანჩესტერ იუნაიტედის განუყოფელი ნაწილი იყო. შეგახსენებთ, დანიელთან ერთად, "ეშმაკუნებმა" 1998-1999 წლების სეზონში ტრებლი მოიგეს.
მეორე ადგილი ბევრისთვის მოულოდნელად მიანიჭეს მიშელ პრუდომს, რომელიც გვახსოვს ლისაბონის ბენფიკაში, ლიეჟის სტანდარდსა და მეხელენში ასპარეზობით. სამეული დახურა ედვინ ვან დერ სარმა, 90-იანი წლების ნიდერლანდების ნაკრებისა და ამსტერდამის აიაქსის პრაქტიკულად შეუცვლელმა კიპერმა.
ათეულში აგრეთვე წავაწყდებით ორ იტალიელს - ვალტერ ძენგასა და ჯანლუკა პალიუკას. პირველმა მათგანმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა მილანის ინტერში, 90-იანი წლების მეორე ნახევარში კი ის ნელ-ნელა დიდ ფეხბურთს ჩამოშორდა. ცნობისთვის, ძენგა "ნერაძურიში" სწორედ პალიუკამ შეცვალა. სრული 10-ეული კი ასეთია:
1. პეტერ შმეიხელი
2. მიშელ პრუდომი
3. ედვინ ვან დერ სარი
4. ხოსე ლუის ჩილავერტი
5. ოლივერ კანი
6. ტომას რაველი
7. ვალტერ ძენგა
8. დევიდ სიმენი
9. ჯანლუკა პალიუკა
10. ფაბიენ ბარტეზი









