ქოჩორაშვილი ფართო ასპარეზზე სულ ახლახანს გამოჩნდა, თუმცა ბევრმა არ იცის, რა გზის გავლა მოუწია აქამდე მოსასვლელად. დღეს მთელი საქართველო მასზე ლაპარაკობს და ბევრი მას ასახელებს საბერძნეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
ყველაფერი 2017 წელს დაიწყო. 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდა. პირველი მატჩი საქართველომ ფინალისტ პორტუგალიასთან დათმო, შემდეგ კი შვედეთის ნაკრები დაამარცხა. იმ მატჩებში ქოჩორაშვილი გამორჩეული იყო. ცნობისთვის, მაშინდელი 19-წლამდე ნაკრებიდან დღეს ეროვნულში მხოლოდ ქოჩორაშვილი და ჩაკვეტაძე არიან.
მიუხედავად იმისა, რომ 19-წლამდელები ჯგუფში ჩარჩნენ, საქართველოსთვის ეს ტურნირი მაინც სარფიანი გამოდგა, რადგან ვიხილეთ ფეხბურთელები, რომლებმაც გაგვიჩინეს იმედი, რომ მომავალში დიდ შედეგებს დადებდნენ. მათ სიაში ქოჩორაშვილიც იყო.

ამ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების მიუხედავად, ქოჩორაშვილს საკლუბო კარიერაში კარგი პერიოდი არ ჰქონდა. ის საბურთალოდან ხირონას ახალგაზრდულ გუნდში გაანათხოვრეს. კლუბებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა და სამშობლოში დაბრუნდა.
ქოჩორაშვილს საბურთალოს ძირითად გუნდში საერთოდ არ ათამაშებდენ. ამასობაში, მას შეთავაზება აქვს რუსთავიდან. 19 წლის ქოჩორაშვილი დილემის წინაშეა - ან საბურთალოში დარჩენა იმის პერსპექტივით, რომ უკეთეს გუნდში გადავა ან რუსთავში გადასვლა და დიდი სათამაშო დრო. უნდობლობის მიუხედავად, მან საბურთალოში დარჩენა არჩია და მალევე ესპანეთიდან ახალი შეთავაზებაც მიიღო.
"მაშინ საბურთალოს სპორტული დირექტორი ვიყავი და მახსოვს, ქოჩორაშვილით 2 ესპანური კლუბი ინტერესდებოდა - ლევანტე და ესპანიოლი. საბოლოოდ, მისი ლევანტეში წაყვანა ვარჩიეთ. მე, როგორც მაშინდელი კლუბის დირექტორს, ამ ტრანსფერში ჩართულობა მქონდა. ახლა მას ესპანელი აგენტი ჰყავს. სხვათაშორის, ქოჩორაშვილს ესპანიოლი უფრო კარგ პირობებს სთავაზობდა, მაგრამ ლევანტე ვამჯობინეთ და არ ვნანობთ. ჩემი პირველი ტრანსფერი სწორედ ეს იყო და ამ ტრანსფერის შემდეგ გამიჩნდა სამენეჯერო საქმიანობაში ჩართულობის სურვილი", - ამბობს ქართველი აგენტი ლევან სეთურიძე Lagazzetta.ge-სთან საუბარში.

რამდენიმე თვე ქოჩორაშვილი ლევანტეს მეორე გუნდში თამაშობდა, ჰქონდა ტრავმები, რის გამოც დიდ გუნდში ვერ ხვდებოდა. 2020 წელს, კორონავირუსის გამო, ლა ლიგამ კლუბებს სათადარიგოთა სკამის გაფართოების საშუალება მისცა. ქოჩორაშვილი პირველად ლევანტეს ძირითადი გუნდის განაცხადში სევილიასთან მოხვდა, ლა ლიგაში მისი დებიუტი ბილბაოსთან შედგა. ქოჩორამ იმ სეზონში ბარსელონასთანაც ითამაშა. ლევანტე ლა ლიგა 2-ში გავარდა, 24 წლის ნახევარმცველი გუნდში დარჩა, ესპანური მაღალ დონეზე ისწავლა და დღეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
დიდი ხნის განმავლობაში, ქოჩორაშვილის ნაკრებში გამოძახებას ითხოვდნენ, თუმცა ეს პროცესი გაიწელა. არადა, ეს პოზიცია კანკავას წასვლის შემდეგ პრობლემატური გახდა. პირველად ის 2023 წლის სექტემბერში გამოიძახეს. ქოჩორაშვილმა იმედები გაამართლა. მისი დებიუტი ნორვეგიასთან შედგა. სანიოლმა ქოჩორას მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, მარტინ ოდეგორის პერსონალურად აყვანა დაავალა, ქოჩორაშვილი ჩვენი მხრიდან იმ მატჩში საუკეთესო იყო და ამის შემდეგ, ნაკრების უცვლელი წევრია.

"ასეთი პროფესიონალი ფეხბურთელი იშვიათად მინახავს. თავისი კვების რაციონი აქვს და კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება. საქართველოდან რომ ლევანტეში წავიდა, ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო, დღეს კი ყველა ხედავს როგორი მოძლიერებულია", - გვითხრა ლევან სეთურიძემ.
2024 წლის 26 მარტს, ქოჩორაშვილმა საბერძნეთთან უმაღლესი დონის მატჩი ჩაატარა და ქვეყნის ისტორიის დაწერაში დიდი წვლილი შეიტანა, რაც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ Lagazzetta.ge-სთან საუბარში აღნიშნა.
"ჩემთვის ძალიან რთულია ასეთ თამაშში ვინმე ერთის გამორჩევა, მაგრამ მინდა მაინც დავასახელო ქოჩორაშვილი, რომელმაც უშეცდომოდ ითამაშა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო", - ამბობს ქინქლაძე.
სიდინჯით, შრომითა და პროფესიონალიზმით ქოჩორაშვილი ლევანტესა და საქართველოს ნაკრების შეუცვლელი ფიგურა გახდა, თუმცა ისტორიის წერა ჯერ არ დასრულებულა, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია.










