ფრანჩესკო ტოტის შვილმა, კრისტიანმა საფეხბურთო კარიერა 19 წლის ასაკში დაასრულა. ის ირიცხებოდა რომას, ფროზინონესა და რაიო ვალეკანოს სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში, მაგრამ თავის დამკვიდრება ყოფილმა იტალიელმა შუახაზელმა ვერსად შეძლო. მისი ბოლო გაჩერება კალჩოს მე-4 დივიზიონის ბინადარი ოლბია იყო.
იტალიური პრესა "ჯალოროსის" აღზრდილი ნახევარმცველის ფეხბურთიდან წასვლის ორ მიზეზს ასახელებს. პირველი - ზეწოლა გვარის გამო. 19 წლის შუახაზელს ბურთთან ყოველი შეხებისას ადარებდნენ ლეგენდარულ იტალიელ ფორვარდს, რაც მტრულად განწყობილი ქომაგებისთვის ხშირად სიძულვილისა და დაცინვის საბაბიც იყო.
მეორე მიზეზი - ჭარბი წონა, რაც ასევე ბულინგს იწვევდა. ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილება ჰქონდა "მგლების" ლეგენდარულ კაპიტანსაც, მაგრამ ის იცავდა უმკაცრეს დიეტებს, ტოტი-უმცროსი კი ამის გაკეთებას არ აპირებს. თავად ყოფილი შუახაზელის თქმით, მომავალში ის სკაუტინგით დაკავდება.









