ჩემპიონთა ლიგის ფაზის უკანასკნელ ტურში ლივერპულის კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა ყარაბაღის წინააღმდეგ საგოლე გადაცემების ჰეთ-თრიკი გაიფორმა. უნიკალური მიღწევაა, იმის გათვალისწინებით, რომ ნიდერლანდელი უკანახაზელი პირველი ცენტრალური მცველია 3 ასისტით მთავარი საკლუბო ტურნირის 1 შეხვედრაში.
რაც შეეხებათ განაპირა მცველებს სამი საგოლე გადაცემით ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში, ასეთია ხუთი ფეხბურთელი - ჯეიმს მილნერი, ჟორდი ალბა, ჟოაუ კანსელუ, აშრაფ ჰაკიმი და ჟიულ კუნდე. ყველაზე საინტერესოა ინგლისელი ვეტერანის შემთხვევა, რომელიც თავისთვის დასამახსოვრებელ შეხვედრაში ძირითადში არც იყო.
ჩემპიონთა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი - ლივერპული საკუთარ მოედანზე ანადგურებს მოსკოვის სპარტაკს, ანგარიშით 7:0-ს, ბრაიტონის ამჟამინდელი შუახაზელი კი თამაშში 45-ე წუთის შემდეგ ერთვება. ამის მიზეზი იყო ხერარდ მორენოს ტრავმა, რომლის შემდეგაც მარცხენა ფლანგის გამაგრება მერსისაიდელთა იმდროინდელ მე-7 ნომერს მოუწია.
როგორც აღვნიშნეთ, მოედანზე შემოსვლის შემდეგ, მილნერმა საკუთარ ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ იმ თამაშების სია, რომელშიც უკანახაზელებმა 3 ასისტი გაიფორმეს.
მცველები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 3 ასისტი გაიფორმეს
| ჯეიმს მილნერი | ლივერპული 7:0 სპარტაკი | 2017/18 |
| ჟორდი ალბა | ტოტენჰემი 2:4 ბარსელონა | 2018/19 |
| აშრაფ ჰაკიმი | დორტმუნდი 4:0 ატლეტიკო | 2018/19 |
| ჟოაუ კანსელუ | მანჩესტერ სიტი 4:1 ბრიუგე | 2021/22 |
| ჟიულ კუნდე | ცრვენა ზვეზდა 2:5 ბარსელონა | 2024/25 |
| ვირჯილ ვან დაიკი | ლივერპული 6:0 ყარაბაღი | 2025/26 |









