დადასტურებულად — ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, იან ზომერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ინტერს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. დიახ, იტალიურ კლუბში ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და დიდი ალბათობით აღარაფერი შეიცვლება.
მილანურ კლუბში ფიქრობენ, რომ გამოცდილმა შვეიცარიელმა მეკარემ საკუთარი თავი ამოწურა და სჯობს გუნდს ახალი პირველი ნომერი ჰყავდეს. ამავე აზრზე არიან გულშემატკივრებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ინტერი უკეთეს კარის დარაჯს იმსახურებს.
როგორც ირკვევა, ინტერის უფროსობა ახალ მეკარეს უკვე ეძებს და რამდენიმე ფეხბურთელის მიმართ ინტერესი უკვე დადასტურდა. ამ სიაში არიან ელია კაპრილე, ალექს მერეტი, ზაიონ სუძუკი და გულიელმო ვიკაირო. "ნერაძური" სხვა მეკარეებსაც ყურადღებით აკვირდება.
რაც შეეხება იან ზომერს, შვეიცარიელი მეკარე ინტერის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს, რა დროშიც 110 მატჩის ჩატარება მოასწრო, კარი მშრალად კი 54-ჯერ შეინახა. ვეტერანმა მეკარემ ინტერთან ერთად ორი ტიტულის მოგებაც მოახერხა.









