ლუის დე ლა ფუენტე და ლიონელ სკალონი - რა აერთიანებთ მათ? ორივე მათგანი 15 ივლისის ღამეს შესაძლოა გახდეს კონტინენტის პირველობის ტრიუმფატორი თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად. ესპანელი სპეციალისტი "ფურია როხასთან", არგენტინელი კი "ალბისელესესთან", რომელსაც მან 2 წლის წინ მუნდიალიც მოაგებინა.
"თეთრ-ლურჯების" ამჟამინდელი მწვრთნელი იხსენებს - "ვგულშემატკივრობ ესპანეთს და მათ დამრიგებელს, დე ლა ფუენტეს, რომელიც ჩემი პირველი მასწავლებელი იყო. ლუისმა ჩემს კარიერაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. იმედი მაქვს, ისინი შეძლებენ წარმატების მიღწევას", - აცხადებს 46 წლის სპეციალისტი.
ესპანელი მწვრთნელის პასუხმა არ დააყოვნა - "მქონდა იმის ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ალონსოს, ჩავისა და რაულის მასწავლებელი. ისინი არიან ლეგენდარული მოთამაშეები, რომლებმაც მწვრთნელობაც გადაწყვიტეს. ვაფასებ თითოეულ მათგანს, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული ურთიერთობა მაინც სკალონისთან მაქვს", - აცხადებს "ფურია როხას" სპეციალისტი.
როგორ მოხდა მათი გაცნობა? 2015 წელს, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ყოფილი არგენტინელი მარჯვენა მცველი დაბინავდა მალიორკაზე, სადაც სამწვრთნელო კარიერა ბავშვთა ფეხბურთში მუშაობით დაიწყო. ლიონელი მუშაობდა სან-კალიუში, პარალელურად კი სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად ის გადიოდა კურსებს და მისი დამრიგებელი სწორედ დე ლა ფუენტე იყო.
სკალონი, ალონსო, ჩავი თუ რაული? - დე ლა ფუენტემ თავისი საუკეთესო მოსწავლე დაასახელა











