საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული დრიფტერი, მათე როჭიკაშვილი სომხეთს ესტუმრა, სადაც დრიფტის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და პირველობა არავის დაუთმო. La Gazzetta Georgia ახალგაზრდა დრიფტერს დაუკავშირდა და უშუალოდ ტურნირის გარდა, 2025 წლის სეზონზე და მომავალ გეგმებზეც ესუბრა.
- მათე პირველ რიგში გილოცავთ სომხეთის დრიფტის ჩემპიონატის მოგებას. როგორ შეაფასებდი აღნიშნულ ტურნირს?
"ჩემმა მაყურებელმა იცის, რომ ყოველი წლის ბოლოს ჩვენ სომხეთის დრიფტის ჩემპიონატში ვიღებთ მონაწილეობას. წელს საქართველოდან მხოლოდ მე წავედი და ტიტულის ჩამოტანის მოვალეობა დავიკისრე. სომხეთში ყოველთვის მეგობრული გარემო გვხვდება, რაც ჩვენში ძალიან დიდ პოზიტივს იწვევს და 2023 წლიდან იქ ჩასვლა ტრადიციად ვაქციეთ."
"როგორც უკვე აღვნიშნე წელს სომხეთში მე და ჩემი მეგობრები ჩავედით და დრიფტზე მხოლოდ მე მივიღე მონაწილეობა. ტურნირი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ყოველწლიურად კიდევ უფრო ვითარდებიან. ჩვენც ვცდილობთ კარგი რჩევები და მაგალითები მივცეთ, რადგან დრიფტი საქართველოში უფრო მეტად დახვეწილი და განვითარებულია."
"უშუალოდ ჩემპიონატს რაც შეეხება — კვალიფიკაციაზე 100-დან 95 ქულა ავიღე და პირველი ადგილი დავიკავე. შეჯიბრზეც არავის დავუთმე პირველობა და სომხეთის დრიფტის ტიტული საქართველოში ჩამოვიტანე. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და მომავალშიც ვგეგმავ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავიდე და ჩვენი ქვეყნის სახელით ვიასპარეზო.
*2025 წლის სომხეთის დრიფტის ჩემპიონატი
- როგორ მოემზადე სომხეთის დრიფტის ჩემპიონატისთვის და რა გზა გაიარე ტურნირზე მოსახვედრად?
"ჩემპიონატის წინ ავტომობილი სრულად გავმართეთ, მოვაგროვეთ საბურავები და ევაკუატორით ჩავიტანეთ სომხეთში. გზაში არანაირი შეფერხება არ გვქონია, იქაც ჩვენი მეგობრები დაგვეხმარნენ და საბურავები დაგვახვედრეს."
"უშუალოდ დრიფტის დროს ჩვენი მეგობრები ცდილობდნენ, მაქსიმალურად ყველაფერი გაეკეთებინათ ჩვენს დასამარცხებლად და გამართული მანქანა უკან საქართველოსი დანგრეული ჩამოვიყვანეთ. ზოგადად დრიფტი კონტაქტური სპორტია და სწორედ ეს ყველაფერი მოგვწონს და გვაბედნიერებს."
- 2025 წელს აქტიურად იღებდი მონაწილეობას ტურნირებზე და არაერთი გამარჯვებაც მოიპოვე. როგორ შეაფასებდი უვკე გასულ სეზონს და რას გეგმები გაქვს მომდევნო წელს?
"წინა წლებში დრიფტის გარდა წყვილთა რბოლაშიც ვიღებდი მონაწილეობას და წელს გადავწყვიტე, რომ მხოლოდ დრიფტისთვის მიმეხედა. შრომა რეალურად დაფასდა და ძალიან ბევრ პოდიუმზე ავედი როგორც საქართველოს ჩემპიონატზე, ასევე King of Drift-ზე და სხვა და სხვა შეჯიბრებებზე. წელს გვქონდა Race X-იც სადაც მეორე ადგილი დავიკავე და ზოგადად 2025 წლის შედეგებით კმაყოფილი ვარ."20
*2025 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი, II ეტაპი
"ვფიქრობ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მომზადებულები შევხვდებით მე და ჩემი გუნდი. კიდევ უფრო მეტად დავიხვეწებით ჩვენ, როგორც გუნდი და ასევე ავტომობილიც. აქედან გამომდინარე, პოდიუმების სერია გაგრძელდება და მაყურებლებს უკმაყოფილოს არ დავტოვებთ. გულშემატკივრებს კი ვთხოვთ, რომ იარონ შეჯიბრებებზე და ძალიან კარგ ემოციებს ვპირდებით."









