საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მსოფლიოს მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ ჯუდასა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პიტერ კრალიკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მინიფეხბურთის განვითარების პერსპექტივებსა და მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
მსოფლიოსა და ევროპული ფედერაციების პრეზიდენტების საქართველოში ვიზიტი სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ აღიარებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მინიფეხბურთის ასოციაციამ დაფუძნებიდან მოკლე პერიოდში შეძლო მნიშვნელოვანი სპორტული შედეგების ჩვენება და წარმატებით იასპარეზა მსოფლიოს სამ და ევროპის ორ ჩემპიონატზე.
შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ აბულაძე ესწრებოდნენ.
სპორტის სამინისტროს გარდა, სამუშაო შეხვედრებს ფილიპ ჯუდა და პიტერ კრალიკი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც გამართავენ.









