საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე NASCAR-ის ევროპის სერიების პრეზიდენტს, ჯერომ გალპინს, შეხვდა. შეხვედრაზე 2027 წელს საქართველოში გასამართი „ევრონასკარის“ ეტაპის შესახებ ისაუბრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ მზადაა ხელი შეუწყოს ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებას.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი სანდრო ლომაძე და NASCAR-ის ევროპის სერიების ვიცე-პრეზიდენტი ენ გალპინი ესწრებოდნენ.
NASCAR-ის ევროპის სერიები 2008 წელს დაარსდა და მასში მონაწილეობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან პროფესიონალი ავტომრბოლელები. ჩემპიონატი ევროპის ცნობილ ავტოდრომებზე იმართება, სეზონი შვიდი რაუნდისგან შედგება, რომელიც 28 რბოლას მოიცავს. NASCAR-ის ევროპის სერიები ორ ძირითად „პრო“ და „ღია“ კატეგორიებად იყოფა.
ქართველი სპორტსმენები „ევრონასკარზე" საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წელს პირველად ასპარეზობდნენ. „ევრონასკარის’’ ევროპის სერიების დასკვნით - ბელგიის ეტაპზე, დავით ქაჯაიამ პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონი გახდა, ხოლო სანდრო თავართქილაძემ ღია კატეგორიაში ასპარეზობა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.









