ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი შედეგების შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა ასპარეზობა ერთა ლიგაზეც კარგად დაიწყო და ორიდან ორი შეხვედრა მოიგო. შინ ჯერ ჩეხეთი დავამარცხეთ, შემდეგ კი სტუმრად ალბანეთი და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები ვართ.
რაც შეეხება უკრაინას, გუნდში არც თუ ისე დალაგებული სიტუაციაა. ორივე მატჩი წააგეს და მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავთ, მაინც ვერ იგებენ, რის გამოც დიდ კრიტიკას იღებენ.
სათამაშოდ მზადაა ჩვენი ნაკრების მთავარი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც უკრაინასთან თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში გამოძახებული 23-ვე ფეხბურთელი სრულად მზადაა.
საქართველოს ნაკრები დღეს ნავსის გატეხვას შეეცდება. ისტორიის განმავლობაში, უკრაინასთან არასდროს მოგვიგია. ერთმანეთს სულ 6-ჯერ შევხვდით, საიდანაც 4 უკრაინამ მოიგო, 2 კი ფრედ დასრულდა.
სერგეი რებროვი (უკრაინის მწვრთნელი): "ბევრი ამბობს, რომ უკრაინის ნაკრები მხოლოდ ბურთის კონტროლზეა, თუმცა სტატისტიკას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჯამში 20 დარტყმა გვაქვს, როცა ზოგი გუნდი კარში მხოლოდ 5-6-ჯერ არტყამს. ჩვენი მიზანი ერთია - ეს შედეგები უნდა გამოვასწოროთ და ხვალაც და მომდევნო მატჩებშიც მოედანზე მოსაგებად გავიდეთ. რთული მატჩი იქნება, თუმცა მიზანს უნდა მივაღწიოთ. უკრაინის ნაკრების ტრავმების მხრივ პრობლემები აქვს, თუმცა საბედნიეროდ, უკრაინას თითო პოზიციაზე 2-3 მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს და მე ყველა მოთამაშეს ვენდობი"

ვილი სანიოლი (საქართველოს მწვრთნელი): "ამ მატჩისთვის მზადება პოლონეთშივე გადავწყვიტეთ, რათა ფეხბურთელებისთვის აქ ჩამოსვლა უფრო კომფორტული იყო. გუნდში კარგი განწყობაა და მზად ვართ, რომ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვოთ. მათ საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ინდივიდუალურად გამორჩეულები არიან. რთული მატჩი იქნება და ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან, რათა გამარჯვებისთვის იბრძოლონ. ჯგუფში 4 მატჩი დაგვრჩა სათამაშო, ამიტომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ჯერ არაფერს არ წყვეტს. ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი მაღალი დონის ნაკრებები არიან, რთული ჯგუფია, ყველას ყველასთან შეუძლია მოგება. სექტემბერში მოპოვებულმა გამარჯვებებმა მოგვცა მუხტი, რომ ოქტომბერშიც ასე გავაგრძელოთ"
საქართველოს ბოლო 5 მატჩი: ალბანეთი-საქართველო 0:1, საქართველო-ჩეხეთი 1:0, საქართველო-ესპანეთი 1:4, საქართველო-პორტუგალია 2:0, ჩეხეთი-საქართველო 1:1
უკრაინის ბოლო 5 მატჩი: ჩეხეთი-უკრაინა 3:2, უკრაინა-ალბანეთი 1:2, უკრაინა-ბელგია 0:0, სლოვაკეთი-უკრაინა 1:2, რუმინეთი-უკრაინა 3:0
უკრაინა-საქართველო
ერთა ლიგა, ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური
ენეა სტადიონი, პოლონეთი (პოზნანი)
11 ოქტომბერი, 22:45
მთავარი მსაჯი: იულიან ვეინბერგერი (ავსტრია)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა


![[პრევიუ] სრულად მზად ნავსის გასატეხად - საქართველო უკრაინის წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbSha5mNLK0Qk4lPGptgVo1as7AIUr6fZ.webp&w=3840&q=75)








