დადასტურებულად — მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს! არნე სლოტის გადაწყვეტილებით, ეგვიპტელი ფეხბურთელი იტალიაში გუნდთან ერთად არ გაემგზავრება და ინტერთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 33 წლის ფეხბურთელმა ლიდს იუნაიტედთან ჩატარებული მატჩის შემდეგ მედიასთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც გუნდში არსებობს. როგორც ირკვევა, ლივერპულის ხელმძღვანელობა არნე სლოტს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
შეგახსენებთ, მო სალაჰი უკვე ზედიზედ სამი მატჩია, რაც ლივერპულის სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება, ლიდსთან შეხვედრაში კი საერთოდაც ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
როგორც ჩანს, მო სალაჰსა და არნე სლოტს შორის სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მეტიც, ბრიტანული პრესის ინფორმაციით, სიტუაცია უახლოეს კვირებში თუ არ შეიცვლება, ეგვიპტელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლივერპულს დატოვებს.









