სერია ა-ს 26-ე ტურში, რომამ სტადიო ოლიმპიკოზე ტორინოს უმასპინძლა. დე როსის გუნდი ამ შეხვედრას კარგ ხასიათზე შეხვდა, რადგან ჯალოროსიმ ევროპა ლიგაზე მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა.
პირველი სახიფათო მომენტი მასპინძელმა გუნდმა შექმნა, როდესაც აზმუნის პასით კრისტენსენს შეეძლო საკუთარი გუნდის წინ გაყვანა, თუმცა დანიელის დარტყმული ძელს მოხვდა.
მატჩის მე-14 წუთზე მოედანზე საბა საზონოვი შევიდა, რომელმაც ტრავმირებული ლოვატო შეცვალა.
ტაიმის დასრულებამდე კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჩვენდა სამწუხაროდ, სტუმართა საჯარიმოში სწორედ საბამ დაარღვია აზმუნის წინააღმდეგ წესები, რასაც დიბალას ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. ამის შემდეგ კი ზუსტად 4 წუთში, დუვან ზაპატას თავური და გამათანაბრებელი გოლი ვიხილეთ.
მეორე ტაიმში დიბალას სრული ბენეფისი ვიხილეთ - არგენტინელმა კიდევ ორი გოლი გაიტანა! მილინკოვიჩ-სავიჩის კარი ჯერ შორეული დარტყმით აიღო, შემდეგ კი ლუკაკუსთან გათამაშებული კომბინაცია უზუსტესად დააგვირგვინა.
მატჩის ბოლომდე ტორინომ ერთი გოლის გატანა მოასწრო. 89-ე წუთზე სამუელე რიჩის აქტიურობას ჰაისენის ავტოგოლი მოჰყვა. იურიჩის გუნდმა მეტი ვერაფერი მოასწრო, რომაელებმა კი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს. ჯალოროსი ამ გამარჯვებით ოთხეულს მიუახლოვდა - ბოლონიასთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდა.
Serie A
სტადიო ოლიმპიკოზე სანახაობრივი მატჩი ჩატარდა - რომას მნიშვნელოვანი 3 ქულა









