მილანური დერბის უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სან სიროს სტადიონია, რომელიც 1947 წლიდან ორივე კლუბის საშინაო არენაა. სტადიონი 1926 წელს ოფიციალურად გაიხსნა და მილანმა პირველი მატჩი სწორედ ინტერის წინააღმდეგ ჩაატარა. 1935 წლამდე სან სირო როსონერის საკუთრება იყო, ხოლო შემდეგ ქალაქის მერიამ შეიძინა და 1947 წლიდან სტადიონზე ორივე მილანური კლუბი ასპარეზობს.
თავდაპირველად, ინტერი საშინაო მატჩებს უფრო პატარა და ძველმოდურ სტადიონზე, სივიკა არენაზე ატარებდა, რომელიც 1807 წელს აშენდა და 10 ათას გულშემატკივარს იტევდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 2 წლის შემდეგ, ინტერი სან სიროზე გადაბარგდა და მას შემდეგ მილანთან ერთად საშინაო მატჩებს ლეგენდარულ სტადიონზე ატარებს.

მილანური კლუბების ერთ სტადიონზე თამაშის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალტერნატივების სიმცირეა - სან სიროზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვედრა ძალიან მარტივია და ამასთანავე, ხარჯების განაწილება ორივე კლუბისთვის ეკონომიკურად მომგებიანია. დღევანდელი მდგომარეობით, სან სირო კვლავ ქალაქის მერიის საკუთრებაა და კლუბები მათ იჯარის წესით ფლობენ, რომელსაც ვადა 2030 წელს ეწურება.
ერთ სტადიონზე ორი კლუბის არსებობა იტალიაში იშვიათი შემთხვევა არ არის - მილანური კლუბების გარდა, საშინაო არენას რომა და ლაციოც იყოფენ. სტადიო ოლიმპიკოზე რომას ულტრასებისთვის სამხრეთ ტრიბუნაა (კურვა სუდი) გამოყოფილი, ხოლო ლაციოს ფანები ჩრდილოეთ ტრიბუნაზე (კურვა ნორდი) არიან განლაგებულები - რომაული დაპირისპირება კი დერბი დელა კაპიტალეს სახელით არის ცნობილი.
ერთ სტადიონზე ორი კლუბის არსებობა იტალიაში იშვიათი შემთხვევა არ არის - მილანური კლუბების გარდა, საშინაო არენას რომა და ლაციოც იყოფენ. სტადიო ოლიმპიკოზე რომას ულტრასებისთვის სამხრეთ ტრიბუნაა (კურვა სუდი) გამოყოფილი, ხოლო ლაციოს ფანები ჩრდილოეთ ტრიბუნაზე (კურვა ნორდი) არიან განლაგებულები - რომაული დაპირისპირება კი დერბი დელა კაპიტალეს სახელით არის ცნობილი.

გენუაში მდებარე ლუიჯი ფერარას სტადიონს იყოფენ ჯენოა და სამპდორია, რომელიც 1911 წელს ჯენოასთვის აშენდა, ხოლო 1946 წელს სამპდორია დაარსების შემდეგ, სტადიონზე ორივე კლუბი ასპარეზობს. აღნიშნული არენა 16 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი და ბოლოს 2018 წელს განაახლეს.

დავუბრუნდეთ სან სიროს, რომლის მომავალიც ბურუსით არის მოცული. 2019 წელს, ინტერი და მილანი შეთანხმდნენ, რომ ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სტადიონს ააშენებდნენ, რომელიც 2022/23 წლების სეზონში უნდა გახსნილიყო. აღნიშნული იდეა ქალაქ მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ დააპაუზა, რომელსაც სურს, რომ სან სირომ დღევანდელი სახე მინიმუმ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადამდე შეინარჩუნოს. ამის გამო, 2024 წლის დასაწყისში სტადიონის განახლების იდეაც გაჩნდა, თუმცა, სპეციალისტების რჩევით, აღნიშნული პროექტი მალევე დაიხურა - სან სირო უკვე ამორტიზებულია და მისი თანამედროვე სტანდარტებში გარდაქმნა შეუძლებელია.
ლომბარდიის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონულმა კომისიამ სან სიროს ისტორიული სტატუსი მიანიჭა, რითაც მილანურ კლუბებს პრაქტიკულად მისი დანგრევისა და მის ადგილზე ახალი სტადიონის აშენების ლეგალური უფლება წაართვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, როსონერისა და ნერაძურის ხელმძღვანელობამ ახალი მიწების მოძიება დაიწყო. ინტერმა ადგილი როზანოს ადმინისტრაციულ ცენტრში შეარჩია, ხოლო მილანმა სან დონატო აირჩია. როსონერის ხელმძღვანელობამ 2023 წლის ივნისში აღნიშნული მიწის მფლობელი კომპანიის წილის 90% შეიძინა და ახალი სტადიონის მშენებლობაში პირველი ნაბიჯი გადადგა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინტერისა და მილანის მიერ ქალაქის მერიასთან დადებულ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 2030 წელს გასდის, თუმცა, დიდი ალბათობით, ორივე კლუბი სტადიონს უფრო ადრე დატოვებს. სან სირო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნით ცერემონიალს უმასპინძლებს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ინტერი და მილანი საშინაო არენას შეიცვლიან, სტადიონის მომავალი გაურკვეველი გახდება. არის შანსი, რომ ლეგენდარული სან სირო ქალაქ მილანის კულტურული ძეგლი გახდეს და მასზე სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები აღარ გაიმართოს.










