უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ლონდონის ჩელსიმ კლუბის არაერთი აღზრდილი გაყიდა. საუბარია მეისონ მაუნტზე, რუბენ ლოფტის-ჩიკზე, კალუმ ჰადსონ-ოდოიზე, იან მატსენსა და სხვებზე. ასევე, "არისტოკრატების" დატოვებასთან ძალიან ახლოს არიან კონორ გალაგერი, არმანდო ბროია და ტრევორ ჩალობა.
"ლურჯებმა" უკანასკნელი ოთხი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფეხბურთელების გაყიდვით ერთ მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი გამოიმუშავეს. სტემფორდელთა ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ენცო მარესკამ ახსნა, თუ რატომ უწევს კლუბს აღზრდილების გაყიდვა. ეს არის პრობლემა, რომელიც პრემიერ ლიგის სხვა გუნდებსაც აქვს.
"შემადგენლობის გაძლიერებისთვის მუდმივად გიწევს ფულის ხარჯვა და ახალი ფეხბურთელების ყიდვა. იმისთვის, რომ არ გადავარდე მინუსში, აუცილებელია გაყიდვაზე ფიქრიც. სამწუხაროდ, ხშირად კლუბის აღზრდილ მოთამაშეებთან განშორება გარდაუვალია. ეს არ ეხება მხოლოდ ჩელსის, პრემიერ ლიგის სხვა გუნდებიც იმავეს აკეთებენ.
თანამედროვე ფეხბურთის წესებით ძალიან რთულია ტოტის მსგავსი ერთგული მოთამაშის პოვნა, რომელიც თავის მშობლიურ გუნდში 20 წლით გაჩერდა. მუდმივად გვიწევს აღზრდილების გაყიდვა, რადგან სხვანაირად ფინანსურ ბალანსს ვერ დაიცავ", - განაცხადა იტალიელმა დამრიგებელმა.











