კიევის დინამოს ყოფილმა მცველმა, ვლადისლავ ვაშჩუკმა დენის ბოიკოსთან იუთუბ არხზე ვალერი ლობანოვსკის შესახებ ისაუბრა. უკრაინელმა ყოფილმა უკანახაზელმა გაიხსენა არაერთი ისტორია, რომელიც უკავშირდება "თეთრ-ლურჯების" ექს-დამრიგებელს, მათ შორის ერთი, გიორგი დემეტრაძესაც.
"ლობანოვსკი არასდროს უყვიროდა თავის შეგირდებს და არც ზოგადი ფრაზებით საუბრობდა. ის ხაზს უსვამდა კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად, როცა დემეტრაძემ ვერ გაუტანა მანჩესტერს, ვალერიმ მას უთხრა: ჟორა, ახლა შეგიძლია გააჩერო ტაქსი და იმ მანძილიდან, რომლიდანაც შენ ვერ გაიტანე, მძღოლიც გაიტანს. "
უკრაინელი ყოფილი მცველი გულისხმობს ეპიზოდს, რომელიც მოხდა იუნაიტედსა და ლობანოვსკის გუნდს შორის გამართულ მატჩში, 2000 წლის 8 ნოემბერს. "წითელმა ეშმაკებმა" მოიგეს მინიმალური ანგარიშით, ქართველმა ფორვარდმა კი რამდენიმე მეტრიდან ვერ გაიტანა. გიორგის გოლის შემთხვევაში, ალექს ფერგიუსონის გუნდი ჯგუფში ჩარჩენის საფრთხის წინაშე დადგებოდა.









