გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია, გასულ წელს მან გაიბრწყინა, გუნდს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა და სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ისიც აღნიშნულია, რომ კვარაცხელიას ზედმეტსახელი "კვარადონაა" და გულშემატკივრები მას ლეგენდარულ დიეგო მარადონას ადარებენ.
- პირველ რიგში, როგორ მოგწონთ თქვენი ახალი, Generation Pred-ის ბუცები?
- საოცრებაა. Adidas Predator-ის ტიპის ბუცები იმ დიდ ლეგენდებს მახსენებს, როგორებიც ზიდანი და სხვები არიან. ამ სტილის ბუცებით მათ დიდი ფეხბურთი ითამაშეს და დიდი პატივია, რომ მეც ამით ვთამაშობ.
- ოდესმე იფიქრებდით, რომ Adidas-ის სახე გახდებოდით?
- არა. როდესაც დამიკავშირდნენ, თავი სიზმარში მეგონა, რადგან Adidas-ი მსოფლიოში საუკეთესო ბრენდია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემთან პარტნიორობის სურვილი გაუჩნდათ. როდესაც კარგი ბუცები გაცვია, მოედანზე ყველაფერი მარტივია. მით უმეტეს, ჩემი პოზიციის ფეხბურთელისთვის კომფორტული ბუცებით თამაში აუცილებელია.

- როგორი გრძნობაა, როცა "კვარადონას" გეძახიან? ალბათ, დიდი პატივია, როცა თქვენსა და მარადონას შორის მსგავსებას ხედავენ...
- დიახ, რა თქმა უნდა. მარადონა ნაპოლის ღმერთი და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მიხარია, რომ გულშემატკივრები "კვარადონას" მეძახიან, ამით ძალიან ვამაყობ, მაგრამ ჩემს თავს მას ვერ შევადარებ. ნაპოლი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია. კარგი ქალაქია, სადაც გულშემატკივრებს ფეხბურთი ძალიან უყვართ და მოხარული ვარ, რომ მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ.
- ფეხბურთის თამაშის გამორჩეული სტილი გაქვთ - ბურთთან ერთად საკმაოდ კრეატიული ხართ. როგორ განავითარეთ ეს სტილი? ბავშვობაშიც ასე თამაშობდით?
- საქართველოში, ყოველი ვარჯიშის შემდეგ, მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი. სწორედ ამ დროს დავხვეწე ის ტექნიკა, რომელსაც ახლა ვიყენებ. თავისუფლად თამაში ყოველთვის ყველაზე კარგი საშუალებაა ფეხბურთის მაღალ დონეზე სათამაშოდ. ეს სპორტი ძალიან მიყვარს და როდესაც ფეხებში ბურთი მაქვს, ყოველი წამით ბედნირი ვარ.
- ჩემპიონთა ლიგაზე კარგი მატჩები ჩაატარეთ. როგორი გრძნობაა, როცა თამაშის დაწყების წინ, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს უსმენ?
- ეს ჩემი ოცნება იყო. სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს, მოთამაშის სტატუსით, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს მოვისმენდი. დაუვიწყარი გრძნობაა, რომელმაც უფრო დიდი მოტივაცია მომცა, რომ გავმხდარიყავი იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავი.
- უკვე ყველა გიცნობთ და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხართ. როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ?
- საკმაოდ რთულია. ყველა შენ გიყურბს და შენგან იღებენ მაგალითს. საქართველოში ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ და მათთვის მისაბაძი მაგალითი ვარ. ამიტომ მშვიდი და თავმდაბალი უნდა ვიყო და ვცდილობ, ყველაფერი საუკეთესო გავაკეთო როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.










