ლიონელ მესის ინტერ მაიამიში შეუერთდა კიდევ ერთი მეგობარი, თანაც ისეთი, რომელიც საფეხბურთო მოედანზე შეიძლება ითქვას, რომ პირადი მცველის ფუნქციებსაც ითავსებს. საუბარია როდრიგო დე პოლის შესახებ, რომელსაც არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტნის გამო მინდორზე არაერთი ბრძოლა გადაუტანია.
ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს არგენტინელი ნახევარმცველის ცხოვრებაში უკავია განსაკუთრებული ადგილი და ის არასდროს უშვებს ხელიდან მომენტს მისი მისამართით თბილი სიტყვების გასაჟღერებლად. მათ შორის სუფევს იდილია, მაგრამ ასე ყოველთვის არ ყოფილა.
2014-2015 წლებში ისინი ერთმანეთს მოედანზე დაუპირისპირდნენ ორჯერ, მაშინ, როდესაც "ალბისელესტეს" ათიანი თამაშობდა კატალონიაში, მადრიდის ატლეტიკოს ყოფილი შუახაზელი კი ვალენსიაში. ორივე შეხვედრაში ახალგაზრდა მოთამაშე "ლა პულგას" მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა.
ესპანური პრესა იმ დროს წერდა, რომ 38 წლის შემტევმა "ღამურების" იმდროინდელ მე-20 ნომერს ღიად თავხედიც კი უწოდა. ერთი სიტყვით, მეგობრობა თავიდან არ შედგა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2018 წელს, როდესაც დე პოლი პირველად გამოიძახეს "ლა სელესიონში", სადაც მესიმ ის უკეთ გაიცნო.
იმის შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთელების კავშირმა ლიონელ სკალონის გუნდს მოუტანა საოცრად დიდი წარმატება - სამი ტიტული სამ წელიწადში, ორი კოპა ამერიკა და ერთი მუნდიალი. წინ მათ ელით ერთობლივი თამაში როგორც ფლორიდაში, ისე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც.









