პრემიერ ლიგის 24-ე ტურში, საკმაოდ საინტერესო მატჩი ვიხილეთ. ცხრილში მეზობლად მყოფი ასტონ ვილა და მანჩესტერ იუნაიტედი ერთმანეთს ვილა პარკზე დაუპირისპირდნენ. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათი მიზანი ოთხეულში გასვლაა.
მატჩში პირველ რეალურ მომენტს გოლი მოჰყვა - სტუმარმა გუნდმა კუთხური საკმაოდ კარგად გაათამაშა, ჩაწოდებაზე ყველას მაგუაიერმა აჯობა, მის პასს კი რასმუს ჰოილუნდი გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა, 0:1. დანიელი ფორვარდი საოცარ ფორმაშია, დღეს გატანილი გოლი მისთვის ზედიზედ მეხუთე იყო.
გატანილი გოლის შემდეგ, ჯერი ასტონ ვილაზე მიდგა - გუნდის ორმა ლიდერმა საკმაოდ სახიფათო მომენტები შექმნეს. ორწუთიან მონაკვეთში, ჯერ მაკგინის შორეული ძლიერი დარტყმა ვიხილეთ, რომელიც ონანამ კუთხურზე მოიგერია, შემდეგ კი შოტლანდიელმა ოლი უოტკინსი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ინგლისელმა ფორვარდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმი მასპინძელმა გუნდმა კარგად დაიწყო. ბირმინგემული კლუბიდან ყველაზე მეტად ბეილი აქტიურობდა - ემერის გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მატჩის 67-ე წუთზე იამაიკელის მორიგ შეტევას დუგლას ლუისის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ უპირატესობა ხელში მთლიანად მასპინძელმა გუნდმა ჩაიგდო, თუმცა ტენ ჰაგმა თავისი საფირმო შეცვლა განახორციელა და 73-ე წუთზე მოედანზე სკოტ მაკტომინეი შემოუშვა. შეხვედრის მიწურულს, ვარანმა და მეინომ მარჯვენა ფლანგზე კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რასაც დალოს უზუსტესი ჩაწოდება მოჰყვა, ასტონ ვილას საჯარიმოში კი შოტლანდიელი ფეხბურთელი შეფრინდა: თავური დარტყმა და მანჩესტერი ისევ წინ გავიდა. ამ სეზონზე მაკტომინეისთვის ეს მე-7 გატანილი გოლი იყო. მატჩის ბოლომდე ასტონ ვილამ სახიფათო მომენტის შექმნა ვეღარ მოასწრო და ტენ ჰაგის გუნდი სახლში 3 ქულით დაბრუნდა.
ამ გამარჯვებით "წითელი ეშმაკები" 41 ქულას აგროვებენ და ოთხეულთან ჩამორჩენას 6 ქულამდე ამცირებენ.
Premier League
ტენ ჰაგის გუნდი კარგ ფორმაშია — მორიგი 3 ქულა









