როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის ტორპედო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს. იმერლებმა პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს და ორდაბასს სძლიეს, მეორე ეტაპზე კი ომონიასთან სტუმრად 1:0 დამარცხდნენ. საპასუხი მატჩი 31 ივლისს, ქუთაისში გაიმართება.
ევროტურნირების მიმდინარეობისას, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა საინტერესო ტრადიცია დაამკვიდრა.
კერძოდ, ყველა ფეხბურთელს და მწვრთნელებს შეკრების პერიოდში და თამაშის მიმდინარეობისას, სპეციალური სამაჯურები უკეთიათ, სადაც მათი სახელის და გვარის ინიციალებია დატანილი. შუსტერმა ეს ტრადიცია შემდეგნაირად ახსნა:
"ანტარქტიდაზე ესკიმოსები ღამით ვერ გადარჩებიან ერთად ყოფნის გარეშე. ხელს შემოხვევენ ერთმანეთს და აკეთებენ წრეს. გაუსაძლისი ქარი ზურგში როცა არტყამს ესკიმოსს, ისინი ტრიალებენ და ამ ქარს ყველა მათგანი ინაწილებს, რომ დილამდე გადარჩნენ. მხოლოდ ერთად დგომით შეუძლიათ ეს, უერთმანეთოდ მარტო დარჩენილი ესკიმოსი აუცილებლად დაიღუპება.
ასეა ფეხბურთშიც - მოედანზე ყველა ერთმანეთისთვისაა. თუ შეცდომა დაუშვი, იცი, რომ შენს უკან შენი გუნდელები არიან, რომლებიც გვერდით დაგიდგებიან და დაგეხმარებიან მის გამოსწორებაში. როცა ფეხბურთელები თამაშის დროს ამ სამაჯურს დახედავენ, ეს ისტორია გაახსენდებათ."
აღსანიშნავია, რომ ამ ტრადიციით შუსტერი გერმანიაში მუშაობისასაც ხელმძღვანელობდა, სადაც საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა და 2016 წელს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა.









