ტოტენჰემი იგორ ტუდორს დაემშვიდობა. დედაქალაქურ გუნდში ის მუშაობდა მხოლოდ 44 დღე და ამ დროის განმავლობაში მან პრემიერ ლიგაში ერთი თამაშის მოგებაც ვერ შეძლო. ხორვატი სპეციალისტის მონაგარი ლონდონში ასეთია: 1 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება. ის 1 გამარჯვება შედგა ევროსარბიელზე, მადრიდის ატლეტიკოსთან.
პრემიერ ლიგის გუნდის მწვრთნელობა მხოლოდ 44 დღით, მოვლენა იშვიათია, თუმცა არა ანტირეკორდული. ტურინის იუვენტუსის ყოფილ დამრიგებელზე უფრო ადრე ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გაუშვეს თავკაცი, რომელიც ასევე არის "მამლებთან" მჭიდრო კავშირში.
საუბარია ენჯ პოსტეკოგლუს შესახებ, ვინც ჰოტსპურ სტეიდიუმის დატოვების შემდეგ, ნოტინგემ ფორესტში მხოლოდ 39 დღით გააჩერეს. ავსტრალიელი თავკაცი "მეტყევეებში" მუშაობდა გასული წლის 9 სექტემბრიდან-18 ოქტომბრამდე და ამ დროის მანძილზე მისმა გუნდმა ჩაატარა 8 შეხვედრა, რომელშიც 6-ჯერ წააგო და 2-ჯერ ფრედ ითამაშა.
პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნების მხრივ, ტოტენჰემი (30 ქულა, მე-17 ადგილი) და სიტი გრაუნდის ბინადრები (32 ქულა, მე-16 ადგილი) ერთმანეთის კონკურენტები არიან. აღსანიშნავია ისიც, ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში ლონდონელები შინ 0:3 სწორედ ნოტინგემთან განადგურდნენ.
სწორედ ამ მარცხის შემდეგ მიიღეს "მამლებმა" გადაწყვეტილება 47 წლის მწვრთნელის გათავისუფლების თაობაზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გააგრძელებს ავსტრალიის ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცის, ტომას ფრანკისა და ტუდორის გზას ჰოტსპურ სტეიდიუმზე, პრესა აქტიურად რობერტო დე ძერბიზე წერს.









