ჰარი რედნაპმა გარეთ ბეილის ტოტენჰემში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ვეტერანი მწვრთნელის აზრით, იმ დროს ახალგაზრდა გარემარბზე წინ მხოლოდ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ იდგნენ. ყოფილმა ინგლისელმა დამრიგებელმა ასევე აღნიშნა, თუ რამხელა ზიანი მიაყენა უელსელმა ვინგერმა დუგლას მაიკონის კარიერას.
"ბეილის ტოტენჰემში გატარებული პერიოდი? - ის იყო მსოფლიოს მესამე ფეხბურთელი, მესისა და რონალდუს შემდეგ. მან უბრალოდ გაანადგურა იმდროინდელი საუკეთესო განაპირა მცველი, მაიკონი, რომელიც აღარასდროს იყო ისეთი, როგორიც გარეთთან შეხვედრამდე. მან, ფაქტობრივად, კარიერა დაუსრულა დუგლასს.
ინტერი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო, უელსელმა გარემარბმა კი ამ გუნდს ჰეთ-თრიკი შეუსრულა. ამის შემდეგ, ტოტენჰემმა მოქმედი ჩემპიონები შინაც უშანსოდ დატოვა. ჰოტსპურის ვინგერი მატჩიდან მატჩამდე უფრო ძლიერი ხდებოდა და ბოლოს, ეს ყველაფერი რეალში გადასვლით დაგვირგვინდა", - განაცხადა ლონდონელთა ყოფილმა დამრიგებელმა.











